მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კობერიძე ანაკლიის პორტის პროექტის საჯარო ფორმატში განხილვაზე რომან კაკულიას იწვევს

5db940f3946f9
ლიკა გურაბანიძე
30.10.19 11:50
953
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის მოსმენაზე დეპუტატების დასწრების საკითხი მნიშვნელოვანია.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხაზი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას დასწრებას გაუსვა.

„შემდეგ რომ არ იყოს გაუგებრობა, ჩვენ კოლეგა დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვიცით, რომ დღეს სასესიო კვირაა, მაგრამ იქნებ რეგისტრაციის შემდეგ მაინც შეძლონ და ჩამოვიდნენ, რადგან ვფიქრობ, როდესაც ანაკლიის პორტზე ამდენი პოლიტიკური თემები არის გახსნილი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ თვითონ მოისმინონ კითხვებზე პასუხები. განსაკუთრებით ველოდები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას ნახვას ამ დარბაზში და იმედია, ის გამონახავს დროს, რომ მოვიდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დასვას", - განაცხადა ლევან კობერიძემ.  

ცნობისთვის:   „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე, არსებულ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე პარლამენტში საუბრობს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი პარლამენტში ღია ფორმატში საქართველოს პარლამენტის წევრებმა ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა მიიწვიეს. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან განსხვავებით, პარლამენტარების შეთავაზებაზე უარი თქვა ვიცე-პრემიერმა. როგორც მაია ცქიტიშვილი აცხადებს, მას დიალოგის პრობლემა არ აქვს, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს.