მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კობერიძე ბიზნესომბუდსმენს: თქვენ უნდა იყოთ ბიზნესის მხარეს და ხართ მთავრობის მხარეს!

5dd52e34e48bd
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.19 16:07
2046
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მთავრობისა და კლინიკების წარმომადგენლებმა, ასევე თავად დეპუტატებმა ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ იმსჯელეს. საუბარია რეფორმაზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს.

კომიტეტის სხდომაზე კამათი მოჰყვა ბიზნესომბუდსმენის გამოსვლას. მას დეპუტატი ლევან კობერიძე დაუპირისპირდა.

ახლადდანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა თქვა, რომ საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს.

„დღეს რასაც აკეთებს სამინისტრო, ეს კონცეპტუალურად მნიშვნელოვანია. მათი ამოცანაა, რომ მოქალაქეებს გაუუმჯობესონ ხარისხი. ცხადია, ამას ცდილობენ ოპტიმიზაციის ხარჯზე. ფაქტი არის ის, რომ გარკვეული კითხვები არსებობს კომუნიკაციასთან და ამ რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის კუთხით და უსწრაფესად უნდა გავაგრძელთ კომუნიკაცია და უმოკლეს ვადებში მივაღწიოთ კონსესუსს - დაბალანსებულ შუალედს, სადაც დაცული იქნება ჩვენი მომხმარებლების უფლებები, რომ მათ მიიღონ საუკეთესო სერვისი იმ ფასით, რა ფასისი გადახდაც შეუძლია სახელმწიფოს და მეორე მხრივ, დავიცვათ ბიზნესის კანონიერი ინტერესი, რომლის გარეშეც რისკი შეიძლება შეექმნას ამ სისტემის მდგრადობას“,- განაცხადა ბიზნესომუდსმენმა და გამოსვლის ბოლოს თქვა, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიზნესომბუდსმენის არსებობა ქვეყანაში მნიშვნელოვანია.

თუმცა, მას დეპუტატმა ლევან კობერიძემ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ზუსტად დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ არ არსებობს ბიზნესომბუდსმენის საჭიროება.

„ბიზნესომბუდსმენი უნდა იცავდეს ბიზნესის ინტერესებს. თქვენ ახლა უნდა ამბობდეთ (რეფორმის) გადავადება არის თუ არა საჭირო. მთავრობა გიხდით ფულს, რაც ჩემი აზრით, ცუდია და დამოკიდებული ხართ მათზე. ახლა უნდა იყოთ ბიზნესის მხარეს“,- აღნიშნა კობერიძემ.

მიხეილ დაუშვილმა კი უპასუხა, რომ ის ნამდვილად ბიზნესის მხარესაა და ამას საქმით დაამტკიცებს. თუმცა, კობერიძემ მას კონკრეტულ კითხვებზე პასუხს გაცემა მოსთხოვა:

„ბიზნესმა რა წერილითაც მოგმართათ, იმაზე მაინტერესებს თქვენი აზრი. უნდა გადავადდეს თუ არა? ზოგადი სიტყვები, რომ კარგად უნდა იყოს, უნდა დაბალანსდეს... მთავრობის ნარატივი რაც არის - ლამაზ-ლამაზი სიტყვები და მერე არაფრის კეთება, თქვენ ძალიან მალე გადმოგდებიათ, არადა სულ ახლა დაიწყეთ მუშაობა. ჯობია, რომ ბიზნესისკენ გამოიხედოთ. თქვენ ახლა რას ამბობთ იცით? ბიზნესს არ მოსწონს(რეფორმა), თვლის, რომ არარგუმენტირებულია, მაგრამ ეს დადგენილება „ხელის გადარეხვით“ შედის ძალაში და თქვენ როგორც ბიზნესომბუდსმენი ამბობთ, რომ „არაფერი გიჭირთ, იყავით ამ მდგომარეობაში, მერე შეხვედრები გავაკეთოთ...“,- განაცხადა კობერიძემ.