მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კობერიძე: მოვაწყოთ ვენეციური კარნავალი იქნებ მაშინ მაინც მოვიდეს მინისტრი

5ec25cdccc104
ინგა მურუსიძე
18.05.20 14:10
951
პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე კომიტეტის მომდევნო სხდომაზე პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მისვლას ითხოვს. "გააკეთოს მოხსენება და უპასუხოს დეპუტატების კითხვებს', - ამბობს ის. 

„გაუგებარია სამუშაო რეჟიმზე რატომ ვთქვით უარი მთლიანად პარლამენტმა, მათ შორის კომიტეტშიც არ შეინიშნებოდა აქტიურობა. პარლამენტმა თავისი თავი გამოაცხადა არდადეგებზე წასულად. ბიურომ, რატომღაც მიიღო უცნაური დადგენილება და სამოქმედო გეგმის ნაცვლად, რომელიც პარლამენტს უნდა მიეღო, ერთსულოვნად დაუჭირა მხარი იმას, რომ ბატონ არჩილ თალაკვაძეს ჰქონოდა სრული უფლებამოსილება, თვითონ განესაზღვრა მისი შეხედულებისამებრ პარლამენტის მუშაობა-არმუშაობა. როგორც ჩანს, ბატონმა არჩილმა გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი არმუშაობა გვჭირდებოდა ამ პერიოდში და  როცა მისთვის სასურველი კანონ-პროექტებია გასატანი, მაშინ ხდება ხოლმე შეკრება, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მან უპასუხა, ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უწყებათშორისი საბჭოს სხდომებში ჯანდაცვის კომიტეტი მონაწილეობდა. კობერიძე მას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სხდომებში კომიტეტი ჩართული არ იყო, რადგან პირადად ის არც მსჯელობებში და არც რაიმე მოსაზრებებში ჩართული არ ყოფილა.

კობერიძის თქმით, უნდა შექმნილიყო პლატფორმა, სადაც ექიმები გაცვლიდნენ მოსაზრებებს და ეს პლატფორმა შესაძლოა ყოფილიყო ჯანდაცვის კომიტეტი.

„მოგიწოდებთ შეიქმნას პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები, ეპიდემიოლოგები ჩაერთონ და მოხდეს განხილვა. მე ძალიან გამიკვირდა, რომ დღის წესრიგში არ არის შეტანილი ჯანდაცვის მინისტრის სტუმრობა ჩვენთან. ფრაქციის სახელით დაბარებული იყო, კომიტეტის სახელით დაბარებული იყო, კენჭი ვუყარეთ. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, აპირებს მოსვლას თუ არა მინისტრი? ახლა, პირველივე კომიტეტის სხდომაზე რატომ არ არის იმ ფორმალურ საკითხებზე, რაზეც იყო დაბარებული? სამინისტროს წარმომადგენელი მაინც მოსულიყო და ეთქვა ჩვენთვის რა ხდება და როგორ? რა პარამეტრებია, რომლის დროსაც დავხურავთ ისევ საზღვრებს?

დავხურავთ საწარმოებს? რა იყო დასაწყისში და რა არის ახლა? - ვინმეს აქვს ამაზე პასუხი? როგორც ჩანს, მინისტრი არც დაბარებით, არც თხოვნით არ მოდის და ვენეციური კარნავალი ხომ იცით, მაშინ გავუკეთოთ ორგანიზება ვენეციურ კარნავალს, ნიღაბს გაიკეთებს, მოსვლაში ჩაეთვლება და ვერავინ დაინახავს, იქნებ მაშინ მოვიდეს ჩვენი მინისტრი. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. არანაირი კრიტერიუმები არ არის ცნობილი ჩვენთვის, თუ რას ეყრდნობა ეპიდემიოლოგიური სურათი, რომ ქვეყანა გაიხსნას“, - მიმართა ლევან კობერიძემ დიმიტრი ხუნდაძეს.