მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კობერიძის შეფასებით, მთავრობა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პრობლემას ქმნის

5da5e99e59243
ლიკა გურაბანიძე
15.10.19 19:00
1104
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმ ადამიანების რეპუტაციის შელახვისთვის, ვინც ანაკლიის პორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია უნდა მოიზიდოს. მისივე შეფასებით, მთავრობა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პრობლემას ქმნის.

როგორც კობერიძე აღნიშნავს, შესაძლოა, მთავრობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პარტნიორები ხელისუფლებისთვის სახიფათო პირებად მიაჩნია.

„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმ ადამიანების რეპუტაციის შელახვისთვის, ვინც თავის უცხოელ პარტნიორებს უნდა ელაპარაკოს და ამით ანაკლიაში ინვესტიცია მოიზიდოს. ამიტომ, პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს, ხოლო თუ ამას ვერ ხედავს, მაშინ ჩვენ დიდი სიამოვნებით მივანიშნებთ, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პრობლემას ქმნიან.

გამოვთქვამ ვერსიას, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს პროექტი, მაგრამ მათ ეტყობა ის ადამიანები არ აწყობთ, ვინც ამჟამად ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ამ პროექტით პირდაპირ კავშირზე არიან. სავარაუდოდ, ისინი ფიქრობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ადამიანები შესაძლოა მათი ხელისუფლებისთვის სახიფათონი გახდნენ. მინდა, მთავრობას მოვუწოდო სიმშვიდისკენ იმიტომ, რომ იმ გრძელვადიან პერიოდში, როდესაც ანაკლია აშენდება, მათ ხელისუფლება დიდი ხნის დაკარგული ექნებათ. ამიტომ ამაზე შეუძლიათ არ ინერვიულონ", - განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კაპიტალის $120 მილიონით შევსებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან $400 მილიონის სესხის გაცემის შესახებ წინასწარი თანხმობის წარსადგენად ვადა დღის ბოლომდე მისცა. აღნიშნული ვადა, სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის დადებულ ხელშეკრულებაშიც არის ასახული.
კონსორციუმის მიერ შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს მთავრობა 16 ოქტომბრიდან კონსორციუმთან დადებული შეთანხმების შეწყვეტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

თავის მხრივ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მედიას განუცხადა, რომ დღეს არანაიარი დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებენ.