მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან სურგულაძე: ახალი ფინანსური კორპორაცია კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს

56dee0781fdf8
BM.GE
08.03.16 18:15
2037
გაამართლებს თუ არა საქართველოსთვის გერმანული KFW-ის მოდელი და რამდენად მართებულია საპარტნიორო ფონდის ფინანსურ კორპორაციად გარდაქმნა - თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" "კავკასიის ბიზნეს ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, ლევან სურგულაძე საუბრობს.
 
- ბატონო ლევან, იმ იდეას თუ ემხრობით, რომ საპარტნიორო ფონდი ფინანსურ კორპორაციად გარდაიქმნას?

- მსგავსი განვითარების ბანკები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ბევრ ქვეყანაში შეიქმნა და მათ შორის KFW-ც 1948 წელს შეიქმნა. განვითარების ბანკები მანამდეც არსებობდა ბევრ ქვეყანაში, თუმცა სხვა ფორმით და მათ სხვა სახელი ერქვათ. რა განსხვავებაა კომერციულ ბანკს, საინვესტიციო ბანკსა და განვითარების ბანკებს შორის? კომერციული ბანკი შედარებით მოკლევადიან, მოუქნელ და ძვირ კრედიტს გასცემს და უფრო მცირე პროექტებს აფინანსებს, მაშინ როცა საინვესტიციო ბანკები ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით აფინანსებენ უფრო გრძელვადიან პროექტებს, იაფი ფულით. ისინი აფინანსებენ მხოლოდ და მხოლოდ უკვე არსებულ ორგანიზაციებსა და ბიზნესებს. განვითარების ბანკი კი აფინანსებს განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს. ეს პროექტი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. დაფინანსება შეიძლება ორგვარი იყოს. ერთია სესხი, წილობრივი დაფინანსება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორი კრიტერიუმი არსებობს. პირველი - ეს უნდა იყოს პროექტი, რომლის ეკონომიკური შეფასებაც ისე უნდა კეთდებოდეს, თუ რა სარგებელს მოიტანს საზოგადოებისთვის და მეორე კრიტერიუმიც მნიშვნელოვანია - ის ყოველთვის ბოლო შანსის დამფინანსებლად განიხილება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის აფინანსებს იმ პროექტებს, რომელიც სხვა საფინანსო ინსტიტუტებმა არ დააფინანსეს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადგილობრივ კომერციულ ბანკებს კონკურენციას არ გაუწევს.

თქვენი პოზიცია გასაგებია, მეორეს მხრივ, რომ შევხედოთ გამოდის, რომ ამ ფინანსურმა კორპორაციამ თავის თავზე უნდა აიღოს ე.წ. ბაზრის ჩავარდნები, ანუ არა მომგებიანი პროექტები. რა აზრი აქვს იმ ტიპის პროექტებში ფულის დაბანდებას, რომლებსაც მოგება არ მოაქვთ?

- კომერციული ბანკი უფრო მოკლევადიან პერსპექტივაში მოგებას უყურებს. ასეთებია დიდი ინფრასტრუქტურული მეგა-პროექტები. ეს შეიძლება ჩვეულებრივი ინვესტორისთვის ან კომერციული ბანკისთვის უინტერესო იყოს. მაშინ როდესაც განვითარების ბანკი ასეთ პროექტს დააფინანსებს, რა თქმა უნდა, რისკების მართვა შესაბამისად უნდა მოხდეს. ცხადია, ბანკს ეს ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს და არაეკონომიკურ პროექტებში ის ფულს არ უნდა დებდეს. 

- დაფინანსების მხრიდან თქვენი პოზიცია გასაგებია, ახლა შევხედოთ ფულის მოზიდვის მხრიდან გახდება თუ არა ამ ტიპის კორპორაცია კომერციული ბანკის კონკურენტი?

- ბანკის კაპიტალიზაციის, ფულის შემოსვლის მხარეს რაც შეეხება, ის შეიძლება ლოკალური კომერციული ბანკების კონკურენტი იყოს. იმიტომ, რომ ამ ბანკმა უნდა გამოუშვას ლოკალური და საერთაშორისო ფასიანი ქაღალდები, სადაც ნაწილი იმ დეპოზიტებისა, რომელიც კომერციულ ბანკებშია განთავსებული, ამ ფასიან ქაღალდებში გადმოინაცვლებს. ეს ძალიან კარგი იქნება, პირიქით ფულს გააიაფებს, ხელს აუცილებლად შეუწყობს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომელიც დღეს ნულოვან მდგომარეობაშია, არ ფუნქციონირებს და ამ მხრივ ძალიან დადებით შედეგს ვხედავ.

სანამ ეს კაპიტალის ბაზარი განვითარდება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რომელიც მუდმივად არის, ამ პრობლემის წინაშე არ დავდგებით?

- აუცილებლად პირიქით მოხდება. იმიტომ, რომ ბაზარზე ინსტრუმენტები გამოჩნდება, ადამიანს ვისაც საშუალება აქვს ექნება ან ბანკში განათავსებს, ან ფასიან ქაღალდებს შეიძენს და შესაბამის რისკს და ამონაგებს აიღებს. ეს არ არის დაფინანსების ერთადერთი წყარო. განვითარების ბანკს, რომელსაც აუცილებლად ექნება სახელმწიფოს რეიტინგის ტოლი რეიტინგი, შეეძლება საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე გავიდეს და ფული იქიდანაც მოიზიდოს.

როდესაც ამ ფინანსურ კორპორაციას დისკრეცია ექნება აირჩიოს ის პროექტები რომელთა დაფინანსებაც ღირს და ა.შ. ეს კორუფციის რისკებს ხომ არ გაზრდის?

- ბანკს გაწერილი პოლიტიკა აქვს. მას საკრედიტო პოლიტიკის საკმაოდ მკაცრი პროცედურები ექნება, რომლის მიხედვითაც მან პროექტი უნდა შეაფასოს. მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს ის, რომ ეს პროექტი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს და არა რაღაც ცალკე აღებული მარტივი პროექტი. როდესაც ვსაუბრობთ ისეთ მეგა-პროექტზე, რომლის ინვესტიციის დაბრუნებაც გრძელ ვადაშია გაწერილი, იმას კერძო ინვესტორი და კომერციული ბანკები მოერიდებიან. არადა, დასაფინანსებელია და ეს დაფინანსების კორპორაციამ უნდა გააკეთოს.