მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან სურგულაძე: საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ გლობალური კაპიტალის ბაზარზე ფეხს იკიდებს

607edcc6dc855
ლიკა გურაბანიძე
20.04.21 17:55
787
მთავრობამ 2011 წელს გამოშვებული 10-წლიანი ობლიგაციების რეფინანსირება ახალი საგარეო ვალის მოზიდვით შეძლო. კერძოდ, ახალი $500 მილიონი დოლარის ევრობონდები გამოუშვა. თუ წინა შემთხვევაში ობლიგაციების განაკვეთი 6.875% იყო, ახალი ობლიგაციების კუპონის განაკვეთი 2.75%-ია და მისი ვადიანობა 5 წელს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ “საქმიან დილაში" თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ინვესტორების დამოკიდებულება პირველ რიგში ინსტრუმენტის რისკიანობის მიხედვით ფასდება და ფასი ამ რისკიანობის შესაბამისად დგება.

“ავხსნათ რა არის ინსტრუმენტის რისკიანობა? 2021 წლის 15 აპრილს ამერიკის ფედერალური რეზერვის ფონდების 5-წლიანი შემოსავლიანობის განაკვეთი 0.81% იყო, რომელიც ურისკო განაკვეთად არის აღიარებული და სხვაობა საქართველოს ევრობონდების შემოსავლიანობასთან, რომელიც ახლა დაფიქსირდა (2.75%-ია), 1.94%-ია. ეს სხვაობა განსაზღვრავს საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა რისკს, რომელიც ქვეყნის საკრედიტო რისკში აისახება. ეს არის ჯამური რისკის ფასი და ძალიან კარგი ფასია. ეს აჩვენებს ბაზრის მონაწილეების ოპტიმიზმს საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სტაბილურობის მიმართ. ამ ოპტიმიზმზე კაპიტალიზაცია დროული და უპრეცედენტოდ იაფი იყო. ამ ქმედებას სხვა ბენეფიტებიც აქვს, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ კაპიტალის გლობალურ ბაზარზე ფეხს იკიდებს და საკრედიტო ისტორიას იქმნის, ხოლო მომავალში საჭიროებისამებრ კიდევ უფრო კარგ პირობებზე გრძელვადიანი კაპიტალის მოზიდვას შეძლებს", - განაცხადა სურგულაძემ.

მისივე თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელობა ენიჭება ასევე ობლიგაციების ეროვნულ ვალუტაში დენომინირებასაც.

“თუ ასეთი ობლიგაციები იქნება გამოშვებული, ვფიქრობ, ინტერესი უცხოელი ინვესტორების მხრიდან ასეთი ინსტრუმენტების მიმართაც იქნება", - განმარტა სურგულაძემ.