24.დეკემბერი .2019 16:27

ლევან სურგულაძემ თანამდებობიდან წასვლისთვის საჭირო 4 თანხმობა უკვე მიიღო

views 431
უკან

საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძე დაკავებულ პოსტს მომავალი წლის 16 იანვრიდან დატოვებს. სამსახურიდან წასვლის თაობაზე მან საჭირო 4 თანხმობა უკვე მიიღო.

როგორც bm.ge-ის სააგენტოში განუცხადეს, ფინანსთა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ასევე ჯანდაცვის მინისტრების და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით, ის თანამდებობას 16 იანვარს დატოვებს.

რაც შეეხება ლევან სურგულაძის შემცვლელს, კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები და ასევე საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარე.

საბჭო სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს ხუთი წლის ვადით. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას  სწორედ სამეთვალყურეო საბჭო იღებს.

კანონის თანახმად, საკონკურსო განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს სულ მცირე 2 საინფორმაციო არხის მეშვეობით, არანაკლებ 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

საპენსიო სააგენტოს დირექტორად შესაძლებელია დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესსამართლის დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საპენსიო სააგენტოს დირექტორად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად.

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან: ა) განაცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) გასაუბრება.

კონკურსში გამარჯვებულია კანდიდატი, რომელიც მიიღებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

ცნობისთვის: ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელად 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. რამდენიმე კვირის წინ კი, მან განაცხადა, რომ საპენსიო სააგენტოს სისტემა "საათივით აწყობილია", გამოწვევები დაძლეულია და გეგმავს, კერძო სექტორში გადაინაცვლოს. ლევან სურგულაძის სურვილს გაგებით მოეკიდნენ მინისტრები, პრემიერის ჩათვლით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა