მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე: 2021 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა კვლავ გამოწვევად რჩება

5fedbab3f3a94
ლიკა გურაბანიძე
01.01.21 20:00
1160

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განახლებული ინდექსით, 2020 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებით, მესამე კვარტალთან შედარებით ბიზნეს ასოციაციის კლიმატის ინდექსი როგორც მიმდინარე მოვლენების, ასევე, მოლოდინის შეფასების ნაწილში გაუარესებულია. როგორც 31 დეკემბრის “საქმიან დილაში” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, 2020 წლის მეოთხე კვარტალი ყველაზე ნეგატიური ვაჭრობის და მშენებლობის სექტორებში აღმოჩნდა.

“ამ ორ სექტორში ვითარება გაუარესებულია დასაქმების კუთხითაც; მოლოდინია, რომ სამუშაო ადგილებს შეამცირებენ. ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მრეწველობის დარგს ჰქონდა, თუმცა ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება ისეთ მსხვილ კომპანიებში, რომლებიც წარმოების დროს მეტ წილად ენერგომატარებლებზე არიან დამოკიდებულები, მათზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. შესაბამისად, მდგომარეობას გააუარესებს, რაც 2021 წელს აისახება. ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს მთავრობა დაასუბსიდირებს, მაგრამ ბიზნესი მოკლევადიანი პროექტი არ არის, ის გრძელვადიანი საქმიანობაა და, შესაბამისად, 4-5 თვეს მათ საქმიანობაზე განსაკუთრებულად დიდი გავლენა არ ექნება”, - განმარტა ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, 2020 წელს გაყიდვების მაჩვენებლები ყველა კომპანიას შეუმცირდა და ცხადია, რომ ეს კრიზისის შედეგია. ვეფხვაძის განმარტებითვე, 2021 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა კვლავ გამოწვევად რჩება.

“2020 წლის ბოლოსთვის კომპანიებისთვის კვლავ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული წნეხია მნიშვნელოვანი პრობლემა; მათ შორის არის რეგულაციები და სასამართლოს საკითხი. თუ სასამართლოს პრობლემა არ მოგვარდა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც მოუგვარებელი დარჩება და ინვესტორსაც გაუჭირდება შემოსვლა", - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.