მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე: ენერგეტიკის სამინისტრო უნდა აღდგეს

60e0d961eb89d
ინგა მურუსიძე
05.07.21 00:00
1102
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო უნდა აღდგეს. როგორც მან bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, „ნამახვანჰესის“ ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცალკე უწყების საჭიროება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი იმ ადამიანების კატეგორიაშია, ვინც ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც ენერგეტიკა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთეს, აღნიშნულს არ იწონებდა.

ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ ის ადამიანები, ვინც წლების წინ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს, დღეს უკვე ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი არასწორი იყო.

„ჯერ კიდევ 2018-2019 წლებში ვსაუბრობდით ხმამაღლა, რომ სამინისტროს გაუქმებამ შექმნა დიდი სიცარიელე და პრობლემა. ამ შეხედულების სისწორე „ნამახვანჰესის“ ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუ საუბარია იმაზე, რომ ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობაა, კომუნიკაციის ნაკლებობაა, პასუხი შეიძლება იყოს, რომ ფიზიკურად ადამიანები არ ჰყავთ სამინისტროში, ვინც ამას გაუძღვება“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ენერგეტიკის, როგორც ინვესტიციატევადი დარგის მნიშვნელობას. „მინისტრმა უნდა მოახდინოს მეტი კონცენტრირება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ეს ის სექტორია, სადაც ჩვენ ძალიან სწრაფად შეგვიძლია თანხების მოზიდვა და ქვეყანაში შემოტანა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ გამზადებული საინვესტიციო პროექტებია, რომლებსაც მხოლოდ დაფინანსების მოძიება სჭირდება.

„ენერგეტიკის სამინისტროში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს აკეთებდნენ, სერვისს უწევდნენ ინვესტორებს და ა.შ. ახლა კი არის სულ რამდენიმე ადამიანი. რეალურად, დღეს ენერგეტიკის მიმართულებით გვყავს ძალიან მცირე სტაფი, რომელსაც უჭირს გაუმკლავდეს იმ მასშტაბურ გამოწვევებს, რაც უკავშირდება თუნდაც მხოლოდ ინვესტორების მომსახურებას. ათეულობით და ასეულობით დოკუმენტაციაა, რომელიც ამ ადამიანების კისერზე გადადის. ამ ყველაფერს ემატება ენერგეტიკის სექტორში დაწყებული მასშტაბური რეფორმები, რომლის განხორციელების ვალდებულება ქვეყანამ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო. პრობლემა ის არის, რომ სამინისტრო გავაუქმეთ მაშინ, როცა ხელი მოეწერა ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლას. ამან გააჩინა ძალიან დიდი სიცარიელე ორი მიმართულებით - სერვისების მიწოდების კუთხით ინვესტორებისთვის და ევროპული დირექტივების იმპლემენტაციის მიმართულებით, ამიტომაც გვაქვს ბევრი პრობლემა. მოგეხსენებათ, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6 თვით, 2022 წლამდე გადავდეთ და შეიძლება კიდევ 6 თვით მოგვიწიოს გადავადება... რეფორმას ჯადოსნური ჯოხით ვერ განახორციელებ, ამას სჭირდება ცოტა მეტი ჩართულობა ყველა მხრიდან და რაც მთავარია, ინსტიტუციონალური ლიდერშიპი, რომელიც პოლიტიკას შექმნის. პოლიტიკის ხედვის პრობლემაც გვაქვს, რადგან ინვესტორებს ძალიან უჭირთ იმის დანახვა, გრძელვადიანად საით მივდივართ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე საბოლოოდ უნდა მუშაობდეს ცალკე ინსტიტუცია და ეს უნდა იყოს ენერგეტიკის სამინისტრო.