29.თებერვალი .2020 13:10

ლევან ვეფხვაძე: იმედი გვაქვს, ცოტა ხანი მაინც ვაცდით ლარს, რომ გამყარდეს

views 406
უკან

ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო რამდენიმე თვის მინიმუმზეა. თუ გასული წლის ბოლოს ლარი დოლართან მიმართებაში 2,96-2,97 შორის მერყეობდა, ბოლო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2,79 -მდე გამყარდა. 

ეროვნული ვალუტის გამყარების ტრენდს ფინანსისტები ძირითადად ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით ხსნიან. როგორც ცნობილია, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გასული წლის დეკემბერში გაზარდა, რაც გასული ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია. ბოლოს ასეთი მაღალი განაკვეთი ქვეყანას 2008 წლის დეკემბერში ჰქონდა.

ბიზნესს მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის ამოცანა არამხოლოდ ინფლაციის, არამედ ლარის კურსის მართვაც უნდა იყოს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ ცენტრალური ბანკი უკუინტერვენციებს არ განახორციელებს როგორც აქამდე ხდებოდა ლარის გამყარების დროს და ერoვნული ვალუტა სტაბულურ ნიშნულზე დარჩება.

„ეროვნული ბანკის პოლიტიკა უკავშირდება არა გაცვლით კურსს, არამედ ინფლაციას. თუ ინფლაცია არ გვაქვს ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ზაფხულში, როცა ვამბობდით, რომ ეროვნულმა ბანკმა უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს, გვეუბნებოდნენ, რომ პრობლემა არ არის ლარის კურსი, ვნახოთ ინფლაციას დაველოდოთო.

მაგრამ, როცა არის მცირედ დოლარიზებული ეკონომიკა, სადაც იმპორტული პროდუქტის წილი ბაზარზე არის მნიშვნელოვანი, ბუნებრივია ლარის კურსის ვარდნა ინფლაციაში გარდაისახება, ეს ორჯერ ორი ოთხია.

ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ, სადაც ვთქვით, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა დამოკიდებული უნდა იყოს არა მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებელზე, ასევე ის უნდა უყურებდეს გაცვლით კურსს, რადგან გაცვლითი კურსი ხვალ თუ ზეგ აუცილებლად მოახდენს გავლენას ინფალციაზე, მაგრამ მერე გვიან იქნება, ეს არის პრობლემა.

ახლა კარგი ის არის, რომ როცა ლარი მყარდება პირველად ბოლო სამ წელიწადში სებ-ი თავს იკავებს უკუინტერვენციებისგან, დოლარის შესყიდვისგან. ანუ ეს პოზიტიური ჯერ არის, რადგან როცა გამყარების ტენდენცია ჩნდებოდა, სებ-ი შედიოდა ბაზარზე, ყიდულობდა დოლარს და ამ ტენდენციას აჩერდებდა, ამიტომ იმედი გვაქვს, ცოტა ხანი მაინც ვაცდით ლარს, რომ გამყარდეს და არ მოხდება მსგავის ტიპის ინტერვენციები, როგორც აქამდე იყო“-აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა