მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე ლარის კურსზე: ბიზნესს მეტი სტაბილურობა სჭირდება

5d9610088ee51
დავით ჯალაღონია
04.10.19 09:00
1144
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ლარის გაუფასურების გამო კერძო სექტორისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

როგორც ვეფხვაძემ BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, ბიზნეს სექტორს გაუჭირდება იმ 700 მილიონი აშშ დოლარის კომერციული ბანკებისგან ათვისება, რაც მოსალოდნელია, რომ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებთან დაკავშირებით სარეზერვო ნორმების შემცირების შედეგად გამოთავისუფლდება.

"ეროვნულმა ბანკმა ლარში საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. იპოთეკური სესხები პირობითად, თუ 8% ან 8.5% იყო, ახლა 10%-ზე ნაკლებად ვერ აიღებ. იცით, რომ ეს ელასტიური პროდუქტია და გაყიდვების რაოდენობას შეამცირებს.

დოლარში კი ბიზნესს მეტი სტაბილურობა სჭირდება. დოლარში თუ აიღებს სესხს და ლარში ექნება შემოსავალი, მას უფრო მეტი რწმუნებულება სჭირდება იმისა, რომ ყველაფერი იქნება გაკეთებული ლარის კურსის სტაბილურობისთვის. სხვანაირად, დოლარში ახალი ვალდებულებების აღება გაუჭირდებათ.

ჩვენთან იყო მცდარი ხედვა, თითქოს ექსპორტიორებს სუსტი ლარი ურჩევნიათ, რადგან ექსპორტი უიაფდებათ. ასე არ არის, ექსპორტიორებს ადგილობრივი საკრედიტო რესურსი დოლარში აქვთ მოზიდული, ან - საერთაშორისო ბაზრებიდან, შესაბამისად, მათაც უწევთ ვალდებულებების დოლარში შესრულება და მათაც უძვირდებათ პროდუქტი. ამიტომ მთავარია, მთავრობის ქმედებები ეროვნულ ბანკთან ერთად იყოს ძალიან აქტიური იმისთვის, რომ ბაზარი დაამშვიდოს და დოლარში კრედიტის აღება იყოს შესაძლებელი.

ლარში კრედიტის აღებას რაც შეეხება, აქ ერთადერთი გამოსავალი რეგულაციების შემსუბუქებაა, რადგან რეგულაციები მაღალ საპროცენტო განაკვეთთან ერთად, ლარში დაკრედიტების კუთხით სერიოზულ პრობლემას შექმნის", - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით, 30-დან 25%-მდე ამცირებს.

2019 წლის 13 მარტს სებ-მა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 30%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ლარის სარეზერვო მოთხოვნა კი უცვლელად, 5%-ზე დატოვა. შესაბამისად, სებ-მა მარტში მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა?

თქვენ მიერ ბანკში შეტანილი დეპოზიტის გარკვეული ნაწილი არა უშუალოდ ბანკში, არამედ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება. ბანკებს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა ჰქონდეთ განთავსებული.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია; როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავის მხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება.

ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი, იზრდება.

შესაბამისად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდით საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში სესხის მიღების მსურველისთვის უცხოური ვალუტის სესხი ძვირდება, რაც ბაზარზე ლარის სესხის კონკურენტუნარიანობას ზრდის.