08.მარტი .2021 16:40

ლევან ვეფხვაძე: მთავრობას ბიზნესისთვის არ სცალია, რაც ძალიან ცუდია

ლევან ვეფხვაძე: მთავრობას ბიზნესისთვის არ სცალია, რაც ძალიან ცუდია
views 352
უკან

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ "პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ გვერდზე უნდა გადაიწიოს და მთავრობამ ბიზნესისთვის მოიცალოს". ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ bm.ge-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც  BAG-ის წევრების ახალ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დაგეგმვას შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია, მთავრობის ახალი მეთაურები, ერთ-ერთი პირველი, სწორედ საქართველოს უმსხვილესი ბიზნეს ასოციაციის წევრებს ხვდებიან. 

„ჯერჯერობით, შეხვედრა არ დაგეგმილა, რადგან ახლა პოლიტიკური სიტუაცია იმდენად გამწვავებულია, რომ სამწუხაროდ, ბიზნესისთვის არ სცალიათ, რაც ძალიან ცუდია. ალბათ ჯობს, პოლიტიკურმა ვნებათაღელვებმა გვერდზე გადაიწიოს და მოიცალონ ბიზნესისთვის, რადგან, საბოლოო ჯამში, ბიზნესი აგენერირებს იმ შემოსავალს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში შედის და რაც სოციალური ვალდებულებების დასაფარად სახელმწიფოს სჭირდება. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ბიზნესსექტორზე მეტი ყურადღება გამახვილდება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ის იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობასთან კომუნიკაცია გაღრმავდება და აუცილებლად გაგრძელდება, რადგან „სხვანაირად ქვეყნის განვითარება შეუძლებელია“.

„ნებისმიერი მთავრობა, ხელისუფლება და სახელმწიფო დგას შემოსავლებზე, რომელსაც ბიზნესი აგენერირებს. სწორედ კერძო სექტორი ქმნის დამატებით ღირებულებას. გარდა ამისა, თუ საუბარია იმაზე, რომ მთავრობამ დაიწყო ეკონომიკის 10-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა, ვფიქრობ, მისი ავტორებისთვის ბიზნესის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ "ცუდი არ იქნება, თუ 10-წლიანი გეგმის წერისას ბიზნესს აზრს ჰკითხავენ".

ინფორმაციისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ 100 დღეში ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმას წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა