მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე მთავრობას იმპორტის დღგ-ს გადახდის პროცედურების გადახედვისკენ მოუწოდებს

5e74c953ed09a
BM.GE
20.03.20 17:41
890
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, იმპორტის დღგ-ს გადახდის არსებული პროცედურები 
გადაიხედოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

როგორც ვეფხვაძემ განაცხადა, იმპორტიორების პრობლემა იყოფა ორ ჯგუფად, კერძოდ, პირველ ჯგუფში შედიან სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების იმპორტიორები, რომელთაც დიდი დაწოლა აქვთ გაზრდილი მოხმარების გამო, ხოლო მეორე ჯგუფში შედიან ის იმპორტიორები, რომელთა სავაჭრო ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით დაიხურა, მათი პროდუქტი გზაშია საქართველოსკენ, ახლო მომავალში კი მოუწევთ იმპორტის პროცედურების გავლა. 

რაც შეეხება სურსათის იმპორტიორებს, ლევან ვფხვაძის აზრით, შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პირველადი მოხმარების პროდუქტის (სურსათის) მიწოდების ჯაჭვის ხელშესაწყობად, საჭიროა სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები, რაც გულისხმობს ზემოთ მითითებული პროდუქტის იმპორტისას დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის ვადის გახანგრძლივებას, ნაცვლად არსებული ხუთისა, ორმოცდახუთ დღემდე, როგორც ეს, მაგალითად, გათვალისწინებულია ხორბლის იმპორტისას.

"ამ გზით, სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები და საგადასახადო შეღავათების დაწესების გარეშე, სტაბილური, დაბალანსებული საბრუნავი ფინანსური საშუალებებით უზრუნველყოს პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიორები, რაც ასევე ხელს შეუწყობს კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზიანის შემცირებას და ფასების მერყეობისაგან დაგვაზღვევს", - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი.

ასევე, ლევან ვეფხვაძე ყურადრებას ამახვილებს იმ სავაჭრო ქსელების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რომელთა სავაჭრო ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით დაიხურა, მათი პროდუქტი კი გზაშია საქართველოსკენ და მოუწევთ საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. ამ შემთხვევაშიც, ასოციაციაში ფიქრობენ, რომ საჭირო შეიძლება გახდეს იმპორტის დღგ-ს გადავადების მექანიზმზე ფიქრი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიებისათვის დამატებითი საგადასახადო ტვირთის დაკისრება.