მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე: ვშიშობ, შრომის ინსპექციის ამხელა მანდატი, მათთვისვე იქნება დამაზიანებელი

5f0eea3ccd593
ელენე გოგბერაშვილი
15.07.20 16:00
1578
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე შრომის კოდექსის კანონპროექტში იმ ჩანაწერს აკრიტიკებს, რომელიც შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას ეხება. შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში შრომის ინსპექციას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიაში შესვლა და შრომის პირობებთან ერთად შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებაც შეეძლება.

ლევან ვეფხვაძე bm.ge-თან ამბობს, რომ აქამდე აღნიშნული სტრუქტურის საქმიანობა კონსტრუქციული იყო ბიზნესთან მიმართებაში, რადგან ორიენტირი იყო შრომის უსაფრთხოებაზე და შრომით ურთიერთობებზე მათი მანდატი არ ვრცელდებოდა. შრომის კოდექსში ცვლილებების მიხედვით კი, შრომის ინსპექციის მანდატი უსაზღვროდ ფართოვდება, რაც მათთვისვე შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

"ამ ტიპის მანდატი ევროკავშირის ქვეყნების ნახევარში პრაქტიკულად მე არ მხვდება და არ ვიცი. 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია გვაქვს და ძალიან კარგად გვახსოვს კონკრეტული ინსტრუმენტები და ინსტიტუტები როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების წინააღმდეგ. ვშიშობ, რომ ამხელა მანდატი იქნება მათთვის დამაზიანებელი, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს სურვილი, ცდუნება ეს ინსტიტუტი გამოიყენოს ნეგატიურად მათი პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ, ამიტომ მთავარი არის, რომ ნუ მივცემთ იმხელა ძალაუფლებას სტრუქტურას, რომ ამ ძალაუფლებამ გარყვნას ეს კონკრეტული სტრუქტურა“-აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ შრომის კოდექსში ცვლილებებს და მთელ რიგ იმ მუხლებს, რომელიც დამსაქმებლებს ათობით ახალ მოთხოვნას, რეგულაციას და ახალ ბიუროკრატიულ ბარიერებს უწესებს.

კანონპროექტის ავტორმა ბიზნესის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებზე საპასუხოდ განაცხადა, რომ აღნიშნულ სტრუქტურას სადამსჯელო ფუნქცია არ ექნება და ის აღასრულებს იმ ნორმებს, რომელიც სახელმწიფო კონსტიტუცური ვალდებულებაა, დაიცვას თითეული ადამიანის შრომითი უფლებები და შრომითი უსაფრთხოება.

"ბიზნეს ჰქონდა წინააღმდეგობა, მათი ბევრი შენიშვნა გათვალისიწნებულია, მაგრამ ისეთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ღერძია ამ რეფორმის არცერთ შემთხვევაში არ იქნება გათვალისწინებული, რადგან შრომის ინსპექციის დასუსტება ლეგიტიმური არ არის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სტრუქტურა, გვჭირდება აღსრულების მექანიზმები.

ცალკეული ბიზნესმენების კრიტიკა არ არის მთელი ბიზნესი ხმა, რადგან ბევრი ბიზნეს გაერთიანება, მათ შორის ევროპის ბიზნეს ასოციაცია და ა.შ მხარს უჭერდა იმთავითვე ამ პროცესს და დღესაც მხარდაჭერით სარგებლობს მათი მხრიდან“-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.