მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LGG წელს წეროვანში ₾5 მლნ-ის ინვესტიციით ალუმინის საწარმოს მშენებლობას დაიწყებს

63fcab8051b65
თინათინ ნატმელაძე
27.02.23 23:35
3088
LGG მიმდინარე წელს ₾5 მილიონის ინვესტიციით წეროვანში ალუმინის საწარმოს მშენებლობას დაიწყებს. LGG მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრების, აივნის მოაჯირების, აბაზანის სისტემებისა და მინის მწარმოებელი კომპანიაა და როგორც მისმა დამფუძნებელმა ზურა გიორგაძემ BM.GE-სთან თქვა, საწარმოს ამოქმედება მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.

„ამჟამად ალუმინის წარმოებაში ჩვენი რესურსის 99%-ს ვიყენებთ, მოთხოვნა კი სულ უფრო მეტად მზარდია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ახალი საწარმო შევქმნათ, რომელიც უფრო მაღალტექნოლოგიური იქნება და ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად წარმადობასაც 3-ჯერ გაზრდის. ამჟამად პროექტი უკვე დასრულებული გვაქვს, შეთანხმებაც მიღწეულია და ერთ თვეში საბოლოოდ დამტკიცდება. ამ საკითხს დიდი სიფრთხილით ვუდგებით, ზოგადად, როდესაც მუშაობას ახალი მიმართულებით ვიწყებთ, ჯერ კვალიფიციური კადრების მოძიებას ვცდილობთ, ამ პროცესსაც ასე, ეტაპობრივად მივყვებით, ამავდროულად შიდა და გარემო ფაქტორების სტაბილურობაზეც ვფიქრობთ,“ - განაცხადა ზურა გიორგაძემ.

LGG-ის დამფუძნებელმა გასულ წელს, ₾7.5 მილიონის ინვესტიციით, წეროვანში ამოქმედებული მინის საწარმოს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწარმომ მათი წარმადობა 100%-ით გაზარდა.

„თვიურად 5-6 ათას კვადრატულ მინას ვაწარმოებთ, თუმცა ამ რაოდენობის 10 000-მდე გაზრდის რესურსი გვაქვს და გვინდა,ამ მიზანს მიმდინარე წელს მივაღწიოთ. საერთო ჯამში, მოთხოვნა ძალიან მზარდია, ჩვენი მომხმარებლები ჩვენთან ერთად იზრდებიან, სწავლობენ მინის სახეობების განსხვავებას, უკვე იგებენ თუ რატომ ღირს ერთი სახეობა მეორეზე ძვირი, რა სარგებელი აქვს თითოეულ მათგანს და ა.შ. იზრდება მოთხოვნა ხარისხზეც, ადრე თუ სულ ერთი იყო როგორ პროდუქტს შეიძენდნენ, ახლა ეს დამოკიდებულება შეიცვალა,“ - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ LGG ამჟამად 80 ადამიანს ასაქმებს. აღნიშნული რაოდენობიდან 24 მინის ახალ საწარმოშია დასაქმებული, საიდანაც 14 ადგილობრივი კადრია.