მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიკა სულაბერიძის გზა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალის დირექტორობამდე (R)

624442222680a
BM.GE
30.03.22 15:50
817
ავტოინდუსტრიაში მოხვედრამდე ლიკა სულაბერიძემ ტურიზმის სფეროში აკადემიური ხარისხი მიიღო. საქართველოს სხვადასხვა წამყვან სასტუმროში სტაჟირებაც წარმატებით გაიარა. თუმცა შემთხვევით ნანახმა შეთავაზებამ, კარიერა ავტოსფეროში დაეწყო, მისი პროფესიული განვითარება რადიკალურად შეცვალა. გვიყვება, რომ ეს სფერო ყოველთვის მოსწონდა და შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა. ბევრი აღარ უფიქრია, „თეგეტაში“ რეზიუმე გაგზავნა. მზად იყო ახალი საქმის დასაწყებად.

„ვაკანსია ზუსტად აღწერდა იმას, რაც მინდოდა. სრულიად დამავიწყა ჩემი ტურიზმი და ბედი ვცადე. თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ჯერ აკადემია უნდა გამევლო, რაც მარტივი არ იქნებოდა, ბევრი შრომა და ზღვა მასალის სწავლა მომიწევდა. თუმცა იმდენად დიდი იყო სურვილი, ისე მაინტერესებდა მანქანის ყველა დეტალი, ზუსტად ვიცოდი, რომ შევძლებდი“, - ლიკა სულაბერიძე, ფილიალის დირექტორი.

„თეგეტა აკადემიაში“ სწავლისას მანქანის ნაწილების სახელებს დიდი მონდომებით იზეპირებდა. ტრენერის საუბარს იწერდა და სახლში დაუსრულებლად უსმენდა. თვენახევრიანი სწავლისა და გათენებული ღამეების შემდეგ ხუთი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტაჟირება დაიწყო. სირთულეებითა და დაბრკოლებებით სავსე გზამ კი „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალამდე მიიყვანა, სადაც გაყიდვების კონსულტანტმა თავი მალევე დაიმკვიდრა.

„თუეს საქმე არ გიყვარს, მართლა ვერ შეძლებ. თავის დანებებაც მიფიქრია, თან თავიდან მომხმარებლის დამოკიდებულებაც არასერიოზული იყო. გოგოს რომ ხედავდნენ, არ მენდობოდნენ, ფიქრობდნენ, ქალმა რა უნდა გვირჩიოსო, თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ხვდებოდნენ, რომ შეცდნენ. გაოცებულები რჩებოდნენ, სიღრმისეულად რომ ვუხსნიდი ყველა დეტალს. ვცდილობდი, ჟარგონები არ გამომეყენებინა და მანქანის ნაწილებს ქართული დასახელებით ვიხსენიებდი. თან ეს უფრო მომწონდა, წარმოიდგინეთ, სად „პაჩებნიკს“ რომ იტყვი და სად საკისარს. ბევრჯერ დავამტკიცე, რომ მე ეს შემიძლია და ძალიან მინდა, მაგალითი ვიყო სხვა ქალებისთვისაც“.

საქმის სიყვარულმა, საკუთარი თავის რწმენამ და შრომისმოყვარეობამ მალე ახალ შესაძლებლობამდე და საპასუხისმგებლო პოზიციამდე მიიყვანა. საფეხურები ეტაპობრივად და ჩვეული მონდომებით გაიარა: კონსულტანტობის მერე - გაყიდვების ჯგუფის უფროსი, შემდეგ კი ფილიალის დირექტორი გახდა.

„ჩემი განვლილი გზა, სირთულეების მიუხედავად, სიამოვნება იყო. დირექტორობა კი დიდი გამოწვევაა. „თეგეტა მოტორსის“ ბელიაშვილის ფილიალი სერვისსა და შოურუმს მოიცავს და ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფილიალის მართვა დიდი პასუხისმგებლობაა. საქმე, რა თქმა უნდა, ბევრია, თუმცა, როდესაც ამხელა საქმეს განდობენ, ძალიან მნიშვნელოვანია. არ მაქვს ამ იმედების გაცრუების უფლება“.

ლიკას პასუხისმგებლობა უფლება-მოვალეობებთან ერთად გაიზარდა. მართვის გამოცდილება ფილიალის დირექტორობამდეც ჰქონდა, მაგრამ ახლა მისი ყოველდღიური საქმიანობა გაფართოვდა - წესრიგი უნდა იყოს გაყიდვებშიც და სერვისცენტრშიც, მარაგები შევსებული და მომსახურება სრულყოფილი. დღეს მის დაქვემდებარებაში ათი თანამშრომელია. კითხვაზე: როგორ იწყება მისი სამუშაო დღე, ერთი პასუხი აქვს, ეს არის ზრუნვა კოლეგებზე და ზრუნვა მომხმარებელზე.

გვიყვება, რომ თავდაპირველი მღელვარება წარსულში დატოვა, გამოწვევები მოტივაციად აქცია და შიში საქმისადმი ერთგულებით ჩაანაცვლა. მომავალსაც ამ მიდგომით გეგმავს და ძალების მოსინჯვას უფრო დიდი ფილიალის მართვაში აპირებს - რა თქმა უნდა, ავტოსფეროში და, რა თქმა უნდა, „თეგეტა მოტორსში“.


(NS)