მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლილესთან“ – 80 000 ლარის ინვესტიციით ქუთაისში წამოწყებული სარესტორნე ბიზნესი

607038aee532c
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.21 23:20
2850
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე 8 მარტიდან 80 000 ლარის ინვესტირებით ახალი ბარ-რესტორანი „ლილესთან“ გაიხსნა. პანდემიის პირობებში ამოქმედებული საოჯახო ბიზნესი დღეს მომხმარებელს ქართულ და ევროპული სამზარეულოს კერძებს სთავაზობს და სასიამოვნო გარემოში განტვირთვას ჰპირდება.

BM.GE-სთან საუბრისას ბარ-რესტორნის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლილე მაღლაფერიძე ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ბიზნესის ამოქმედება რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა წყვილი არსებული რეგულაციების პირობებში კვების ობიექტის ამოქმედებას არ მორიდებია.



„პროექტი განხორციელების იდეა პანდემიამდე ბევრად ადრე გაჩნდა და მისი ამოქმედება გასული წლის მარტში იგეგმებოდა. სარემონტო სამუშაოების გაგრძელებისა და რთული პერიოდის დამთხვევის გამო დაგვიგვიანდა და ბარ-რესტორანი „ლილესთან“ მიმდინარე წლის 8 მარტს გაიხსნა.

„ლილესთან“ ჩემი და ჩემი მეუღლის პირადი ინვესტიციითა და ცოდნით ამოქმედდა. პროფესიით ფინანსისტები ვართ და არაერთი პროექტის გაანგარიშებისა და დაგეგმვის გამოცდილება გვაქვს, რაც საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში დაგვეხმარა. მნიშვნელოვანია რომ ინტერიერის დიზაინი და მოწყობის შიდა სამუშაოები ჩვენი ძალებით განვახორციელეთ და შესაბამისად ამაზე ფინანსური რესურსი არ დაგვიხარჯავს.

რეგულაციების და არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ბარ-რესტორნის გახსნა გადავწყვიტეთ, რადგან ფართი იჯარით გვაქვს აღებული და საიჯარო ვალდებულებებთან ერთად სასესხო ვალდებულებებიც შესასრულებელი გვქონდა. რისკი არსებობდა, თუმცა სხვა გამოსავალი არ იყო“, - აღნიშნა ლილე მაღლაფერიძემ.



80 000 ლარის ინვესტიციის გახსნილი კვების ობიექტი დღეს 10 ადამიანს ასაქმებს და რეგულაციების დაცვით 60-მდე სტუმრის მიღების შესაძლებლობა აქვს.

„თუ ობიექტის გახსნამდე მომხმარებლისთვის ქართული ინტერპრეტირებული კერძების შეთავაზებას ვფიქრობდით, უცხოური ტურისტების ნაკადის არ არსებობის გამო, გადავწყვიტეთ რომ მენიუში ევროპული სამზარეულოც დაგვემატებინა. ამასთან მე მაქვს ხელნაკეთი საყელოების წარმოების სტარტაპი, რომელიც რესტორანში იქნება წარმოდგენილი და ადგილზე გაიყიდება.

ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მეწარმებთან, როგორიცაა მაგალითისთვის ჩაის, თაფლის, ყველის წარმოება. ეტაპობრივად ადგილობრივ მეწარმეებთან პარტნიორობის არეალს გავაფართოვებთ“, - აღნიშნა „ლილესთან“ თანამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით გახსნიდან 1 თვის განმავლობაში რესტორანმა სულ რამდენიმე უცხოელ ტურისტს უმასპინძლა, თუმცა ადგილობრივებში ინტერესი კვების ობიექტის მიმართ ყოველდღიურად იზრდება.

„თითოეული საღამო დატვირთულია და შემოსავლებიც მზარდია. რაც შეეხება ფასებს, იმის მიუხედავად, რომ სასურსათო პროდუქტებზე ფასები გაზრდილია, ვფიქრობთ, რომ ჩვენს რესტორანში არსებული ფასები მისაღებია, რადგან ისინი ადგილობრივი ბაზრის მოკვლევის შედეგად შევიმუშავეთ“, - აღნიშნავს რესტორატორი.

ბარ-რესტორნის „ლილესთან“ დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელი შეზღუდვების დაწესების შიში აქვთ, თუმცა თვლიან რომ ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა მათი სამზარეულო გაიცნო და შეიყვარა, შესაბამისად რეგულაციების გამკაცრების შემთხვევაში, ისინი მზად იქნებიან ბიზნეს საქმიანობა მიტანის სერვისზე გადააწყონ.