მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილო მოლის ადმინისტრაციას ყოფილი თანამშრომლები მეწარმეების დაშინებაში ადანაშაულებენ

5f2803bbf1697
ანა ჯოხაძე
03.08.20 18:31
1667
საკონსულტაციო კომპანია "აუდიტი 777" მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ლილო მოლის მესაკუთრეების მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიის abg consulting-ის თანამშრომლებმა, კომპანია განცხადების საფუძველზე დატოვეს.

როგორც bm.ge-სთან abg consulting-ის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, მათ არ ეძლევათ საშუალება სრულფასოვნად იმუშაონ, რადგან იმ მეწარმეებზე, რომლებთანაც ისინი წლების განმავლობაში abg consulting-ის სახელით მუშაობდნენ და აქვთ სურვილი, რომ თანამშრომლობა ახლადშექმნილ კომპანიასთან, "აუდიტი 777"-თან გააგრძელონ, ლილოს ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას და დაშინებას აქვს ადგილი. 

“ბუღალტრების პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა დაიწყეს. დამცირება, რომ ისინი ჩვენ გავუშვით, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებდნენ, იმიტომ, რომ უვარგისი და არაფრის მაქნისი ბუღალტრები იყვნენ. ყველა მეთოდი გამოყენეს იმისთვის, რომ დაეწრმუნებინათ ლილო მოლის მეწარმეები, რომ ეს ხალხი თავის საქმიანობას ვერ ასრულებს”- აცხადებს კომპანია “აუდიტი 777”-ის დირექტორი ხათუნა დადიანი.

“ჩვენ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენს ძველ ბუღალტრებთან დავრჩენილიყავით. კომპანიის დირექტორები კი ხალხს გვაწვალებენ, გვეუბნებიან, რომ გინდა თუ არა ჩვენ კომპანიაში(abg consulting) დარჩითო, იმათთან( აუდიტი 777) არ წახვიდეთო. რიგებში დადიან, სადაც ვვაჭრობთ, აწვალებენ ხალხს, იბარებენ, ხან რას სთავაზობენ ხან რას “-ამბობს ბაზრობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მეწარმე.

ბრალდებებს უარყოფს ლილო მოლის ერთ-ერთი მეწილე ლევან გაგუა, რომელიც აღნიშნული ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ კომუნიკაცია, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში ლილოს ადმინისტრაცია მოიჯარეებთან ამყარებდა ძირითადად საკონსულტაციო ხასიათის იყო და მათ "ეი ბი ჯი კონსალტინგის" სხვადასხვა შეთავაზებებს სთავაზობდნენ. გაგუა იმასაც ამბობს, რომ აუდიტი 777-ის თანამშრომლები "ეი ბი ჯი კონსალტინგიდან" მსგავსი ფორმით არ უნდა წასულიყვნენ და ის მეწარმეები, რომელთაც წლების განმავლობაში სწორედ "ეი ბი ჯი კონსალტინგის" სახელით თანამშრომლობდნენ კონკურენტ კომპანიაში არ უნდა გადაებირებინათ.

“ამ კომპანიის თანამშრომლებმა ძალიან არასწორი ქმედებები ჩაატარეს, მათ ჯერ ჩვენი კომპანია უნდა დეტოვებინათ და ისე წასულიყვნენ სხვა კომპანიაში სამუშაოდ. არ უნდა წაეყვანათ კომპანიის მოპოვებული მეწარმეები, რომლებთანაც 10 წელი მუშაობდნენ. ლილო მოლის პოლიტიკაში არ არის მეწარმის რაიმე სახით შეშინება, პირიქით, ჩვენ მათ უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ, რომ უკეთესი პირობები ჰქონდეთ”-ამბობს ლევან გაგუა.

როგორც ლილო მოლის ერთ-ერთი მესაკუთრე გვიყვება, მოლში "ეი ბი ჯი კოსანლტინგთან" და "აუდიტი 777-თან" ერთად მეწარმეებს არაერთი სხვა საკონსულტაციო კომპანია უწევს საბუღალტრო მომსახურებას, თუმცა მათ მსგავსი პრეტენზიები ლილო მოლის ადმინისტრაციის მიმართ არ აქვთ.

კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც ასევე საუბრობენ  მეწარმეები საკონსუტაციო მომსახურების გადასახადია, რომელსაც ლილო მოლის მოიჯარეები მიუხედავად იმისა, იღებენ თუ არა ადგილზე "ეი ბი ჯი კონსალტინგისგან" საკონსულტაციო მომსახურებას, ამ გადასახადს ისინი მაინც იხდიან. ლილო მოლის დამფუძნებელი კი ჩვენთან ამ ფაქტსაც უარყოფს და ამბობს, რომ ამ გადასახადის გადახდა და აღნიშნული მომსახურების მიღება ნებაყოფლობითია.

ლილოს ერთ-ერთი მეწარმე და თავად "აუდიტი 777-ის" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ლილოს მეწარმეები ხელშეკრულებით მუშაობას "აუდიტი 777"-თან გააგრძელებენ, მათ მაინც მოუწევთ ლილო მოლის დამფუძნებლების მიერ შექმნილი კომპანიისთვის, "ეი ბი ჯი კონსალტინგისთვის" საკონსულტაციო საფასურის გადახდა.