მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიმიტი შეიცვალა - მოქალაქეებისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა გამკაცრდა

621f6c7740afd
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.22 17:13
10480
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტების შესახებ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე მოქმედი ნორმით, იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა შემოსავალიც თვეში 1000 ლარზე ნაკლები იყო, სესხის მომსახურების დაშვებული კოეფიციენტი (PTI) შემოსავლის 25%-ი ანუ 250 ლარი იყო. 1000 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი სესხის მომსახურების დაშვებული ყოველთვიური ლიმიტი შემოსავლის 50% ანუ 500 ლარი იყო.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, გამყოფი ხაზი, რაც აქამდე 1000 ლარის წმინდა ყოველთვიურ შემოსავალს შეადგენდა, 1500 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა შემოსავალიც 1000-დან 1500 ლარამდეა, სესხის მომსახურების ყოველთვიური ლიმიტი გამკაცრდა.

განახლებული პირობები ასე გამოიყურება:

● 1500 ლარამდე წმინდა შემოსავლის დროს - სესხის მომსახურების მაქსიმალური ლიმიტი არის 25% ანუ 375 ლარია;
● 1500 ლარზე მეტი წმინდა შემოსავლის დროს - სესხის მომსახურების მაქსიმალური ლიმიტი არის 50% ანუ 750 ლარი.

შესაბამისად, თუკი 1001 ლარის შემოსავლის მქონე მოქალაქეს აქამდე შეეძლო აეღო სესხი, რომლის დროსაც კრედიტის ყოველთვიური მომსახურების საფასური 500 ლარი იყო, ახალი წესით, ამავე შემოსავლის მქონე პირს შეუძლია აიღოს კრედიტი, რომლის მომსახურების მაქსიმალური საფასური 250 ლარია. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფს კრედიტზე ხელმისაწვდომობას უმცირებს.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება:

“ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა საქართველოს ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (Financial Sector Assessment Program (FSAP)) რეკომენდაციის შესაბამისად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ცალკეული მოთხოვნების რეკალიბრაცია განახორციელა. სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რის შემდგომ რიგი ნომინალური ეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულის საკომპენსაციოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1,000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვიტილებით ეს ზღვარი 1,500 ლარამდე იზრდება. აღნიშნული ცვლილება 2022 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება,” - ნათქვამია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

კიდევ ერთი ცვლილება, რაც დღეს სებ-მა მიიღო, იპოთეკური სესხების განაკვეთებს უკავშირდება. სებ-ის დავალების შესაბამისად, ბანკებმა ცვლადი განაკვეთის იპოთეკებში 3 პროცენტული პუნქტის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთის შოკის ალბათობაც უნდა გაითვალისწინონ.

“იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა. ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ. 2022 წლის 1 მაისიდან დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები აღნიშნული შოკის გათვალისწინებით გადათვლილმა სესხის მომსახურების კოეფიციენტმა უნდა დააკმაყოფილოს. ეს ცვლილებები, რომელთა მიზანი მსესხებელი ფიზიკური პირების შოკის შეწოვის უნარის შენარჩუნებაა, ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას და თანხვედრაშია FSAP-ის რეკომენდაციებთან,” - ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად გააძვირებს ეს გადაწყვეტილება იპოთეკური კრედიტების განაკვეთებს.