მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიმონათი „ჯორჯია“ აგვისტოდან ექსპორტზე 11 ქვეყანაში გავა

6104028427f98
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 22:37
3716
„ვოთერლენდის“ ახალი პროდუქტი - ლიმონათი „ჯორჯია“ აგვისტოდან ექსპორტზე 11 ქვეყანაში გავა.

კომპანიამ ლიმონათის საწარმო 3 მლნ დოლარის ინვესტიციით, ივნისში, სწორედ უცხოელი პარტნიორების მოთხოვნით აამოქმედა, რადგან მინერალური „წყალი გუდაურის“ ექსპორტზე გატანის შემდეგ, უცხოელი პარტნიორებისთვის ქართული ლიმონათი იქნებოდა პროდუქტი, რომლის ექსპორტითაც ისინი დაინტერესდებოდნენ. ამის შესახებ BM.GE-ის „ვოთერლენდის“ პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების დირექტორმა ნანა გოგუაძემ უთხრა.

„უცხოელი პარტნიორების თხოვნით, რომლებიც ქართულ ლიმონათს იცნობენ, ჩვენი პროდუქციის პორტფოლიოს გაფართოება გადავწყვიტეთ და ივნისში ლიმონათი ბრენდ „ჯორჯიას“ სახელით დავამზადეთ. ლიმონათი ძირითადად ექსპორტზე გასატანადაა გათვალისწინებული, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე HORECA-სა და პრემიუმ კლასის სუპერმარკეტების ქსელებში იქნება“, - ამბობს ნანა გოგუაძე.


დღეისთვის საწარმო დღიურად 500 და 330 მლ-იანი ბოთლებით დღიურად 60 000 ბოთლ ლიმონათს აწარმოებს, რაზეც 25 ადამიანი დასაქმებული. სულ მალე კი პარტნიორებთან ერთად შექმნილი 7 რეცეპტით დამზადებული მსხლის, ტარხუნის, ფეიხოას, ლიმონის, ნაღების, საფერავისა და თეთრი ყურძნის ქართული ლიმონათი ექსპორტზე 11 ქვეყანაში გავა.

„უცხოელი პარტნიორებისგან ჩვენს ლიმონათზე მოთხოვნა დიდია - ისინი არ დაელოდნენ ჩვენი პროდუქციის შეტანას ადგილობრივ ქსელებში, შესაბამისად ლიმონათი ექსპორტზე ხელშეკრულების მიხედვით 15 აგვისტოდან უკრაინაში, აზერბაიჯანში, ამერიკაში, კანადაში, ისრაელში, პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ლატვიაში, ჩეხეთსა და ჩინეთში გავა. რაც შეეხება მოცულობას, ამ ეტაპზე თვეში 500 ათასი ბოთლის ექსპორტია დაგეგმილი“, - უთხრა BM.GE-ის ნანა გოგუაძემ.

ის აღნიშნავს, რომ ბრენდის სახელი „ჯორჯია“ კომპანიას ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენის პასუხისმგებლობას აკისრებს.

„როგორც დამკვიდრებული წესი, კომპანია ქმნის პროდუქტს და შემდეგ მომხმარებელი უნდა მოერგოს მას. ჩვენ განსხვავებული გზა ავირჩიეთ. ვინაიდან ადამიანის გემოვნება საკმაოდ განსხვავდება, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებლისთვის მიგვეცა მეტი არჩევანის საშუალება და ამიტომ დავამზადეთ 4 სხვადასხვა ეტიკეტი, რომლებიც ბრენდის საერთო კონცეფციას ინარჩუნებენ. ათწლეულების მანძილზე თითქმის არ შეცვლილა ლიმონათის არც ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი და არც რეცეპტი. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ქართული ტრადიციული ლიმონათის ყველა ღირსება, მოვახდინოთ მისი მოდერნიზაცია, გათანამედროვება და მის ბაზაზე შევქმნათ საინტერესო, ინოვაციური პროდუქტები“, - აღნიშნა „ვოთერლენდის“ პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების დირექტორმა.