07.ივლისი .2022 17:24

ლირა მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს, თურქეთში ინფლაცია 80%-იან ნიშნულს აღწევს

ლირა მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს, თურქეთში ინფლაცია 80%-იან ნიშნულს აღწევს
views 974
უკან

თურქეთში რთული ეკონომიკური ვითარება გრძელდება - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე კი რეგიონსა და მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

მიმდინარე კვირას ლირამ გაუფასურების ახალ მწვერვალს მიაღწია და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17.3 ლირას გაუტოლდა. შედარებისთვის, ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში აღნიშნული მაჩვენებელი 8.4 ლირას შეადგენდა, რაც ერთ წელიწადში ეროვნული ვალუტის გაუფასურების თითქმის 100%-იანი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს ეკონომიკურ გამოწვევას - ანუ ფასების ზრდის დონეს, ივნისში ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით 79% შეადგინა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი ნიშნულია.

ერთ წელიწადში თურქეთში საწარმოო ხარჯები 140%-ით გაიზარდა; 110%-ით მოიმატა ტრანსპორტირების ხარჯებმა, ხოლო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ღირებულება, დაახლოებით, 95%-ით არის გაზრდილი.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს, რაც ინფლაციის გამოთვლის მეთოდის ცვლილებასთან და გარკვეული მონაცემების დაფარვასთანაა დაკავშირებული. მათი ვარაუდით, ინფლაციის რეალური დონე 79%-იან ნიშნულზე გაცილებით უფრო მაღალია.

თურქეთში ინფლაციის დონის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 19%-დან 14%-იან ნიშნულამდე შემცირებაა, რაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნით იყო განპირობებული.

ერდოღანის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მთავრობისგან სხვას არაფერს არ უნდა მოველოდეთ.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.

თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო შეხვედრა 21 ივლისსაა დაგეგმილი - გაიზრდება თუ არა ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი, ჯერჯერობით, უცნობია.


 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა