21.ოქტომბერი .2021 18:48

ლირა რეკორდულ დონემდე გაუფასურდა - თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკა შეარბილა

ლირა რეკორდულ დონემდე გაუფასურდა - თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკა შეარბილა
views 5345
უკან

დღეს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეარბილა. კერძოდ, ერთკვირიანი რეპო განაკვეთი 18%-დან 16%-მდე შემცირდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსისთვის, რადგან ის მთელი 3%-ით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 9.49 ლირამდე გაიზარდა, რაც დოლართან მიმართებით ლირას ისტორიულად დაბალი ფასია.

თავად თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავარაუდოდ პოლიტიკური ზეწოლით იყო განპირობებლი, რადგანაც თურქეთში ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი 19.6%-იანი ინფლაციაა, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი ცენტრალურ ბანკს დაკრედიტების ხელშეწყობის მიზნით რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებდა. 

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში თურქეთის ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, რომ 18%-იანი რეპო განაკვეთის პირობებში, დაკრედიტების ტემპი მოსალოდნელზე სწრაფად შემცირდა, რის გამოც მათ რეფინანსირების განაკვეთი 16%-მდე შეამცირეს. ამასთან, ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, რომ მათი პროგნოზით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს - 5%-ს უნდა დაუახლოვდეს. 

მიმდინარე წელს ლირა აშშ დოლართან მიმართებით 20%-ით გაუფასურდა, რასაც დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ 3%-იანი ვარდნა მოყვა.