მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლირის გაუფასურებას საქართველოსთვის რუბლის და მანათის სიმყარე აბალანსებს

6178ff46e8d7c
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.21 11:47
1082
თურქეთის ეროვნული ვალუტა ლირა ოქტომბრის განმავლობაში დოლართან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა. შედეგად, ერთი დოლარის ღირებულებამ 9.6 ლირას გადააჭარბა, რაც თურქეთის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა აღნიშნულ გაუფასურებას ლარის კურსზე ჯერ არ უმოქმედია.

Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი აღნიშნულს, რეგიონის ნავთობ-ექსპორტიორ ქვეყნებში ვალუტების სიმყარით ხსნის, რადგანაც როგორც რუსული რუბლი, ასევე აზერბაიჯანული მანათი სიმყარეს ინარჩუნებენ, რაც მსოფლიოში ნავთობის გაზრდილი ფასითაა განპირობებული. იმის გამო, რომ ეს ქვეყნები საქართველოსთვის ასევე ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, მათში ვალუტების გამყარება საქართველოსთვის დადებითი ფაქტორია, რაც გაზრდილ ექსპორტსა და გზავნილებში აისახება.

შესაბამისად, Galt & Taggart-ი ლარის გაცვლითი კურსის კორექციას არ პროგნოზირებს.

“ჩვენ ამ ეტაპზე კურსთან დაკავშირებით ვინარჩუნებთ იმ პროგნოზს, რაც გვქონდა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში წლის ბოლომდე 3.1-3.2 ლარის ფარგლებში.

რომ შევხედოთ რეგიონის სხვა ქვეყნების კურსებს და ამჟამად თურქული ლირა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ოქტომბრის განმავლობაში ლირა 10%-ით არის გაუფასურებული, მაშინ როდესაც რეგიონის სხვა ვალუტები - რუბლი, მანათი, დრამი მყარია ამ პერიოდის განმავლობაში, ლარი უმნიშვნელოდაც არის გამყარებული ოქტომბრის დასაწყისიდან და სხვა ვალუტებიც. ამასთან, მნიშვნელოვნად არის გამყარებული რუბლი. აქ არის ის ფაქტორი, რომ როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, შესაბამისად რეგიონში ამას პოზიტიური გავლენა აქვს რუსეთზე, აზერბაიჯანზე, ყაზახეთზე, მათ შორის სომხეთზედაც შესაბამისად ეს ეფექტები არსებობს.

შესაბამისად, ასე რომ გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნავთობ-იმპორტიორი ქვეყანა ვართ და ნავთობის ფასის ზრდა ჩვენთან იმპორტის ზრდას იწვევს, თუმცა ჯამურად, როდესაც რეგიონში უფრო მეტი შემოსავალია, მაშინ ჩვენი რეგიონიდან სხვა შემოსავლები იმატებს, ეს იქნება ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი და სხვა. რასაც ვაკვირდებით, ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც რეგიონის ვალუტები მეტნაკლებად სტაბილურობას და სიმყარეს ინარჩუნებენ,”- განმარტავს ევა ბოჭორიშვილი.

პარალელურად, მზარდია საქართველოდან საქონლის ექსპორტი. 2021 წლის 9 თვეში მან $2.98 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია. ასევე 28%-ით არის გაზრდილი ფულადი გზავნილები, რის შედეგადაც მისი მოცულობა რეკორდულ - $1.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მზარდია ტურისტული შემოსავალიც, რამაც 2021 წლის 9 თვეში $865.8 მილიონი დოლარი შეადგინა.