მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლისი დეველოპმენტმა“ მდგრადი განვითარების საცხოვრებელი დეველოპმენტის ნომინაციაში გაიმარჯვა

6013083e25dd3
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.21 20:24
971
კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ პროექტმა „მწვანე ქალაქი ლისზე“ 2020 წლის მიწურულს International Property Awards-ისგან მდგრადი განვითარების საცხოვრებელი დეველოპმენტის ნომინაციაში (Sustainable Residential Development Georgia) გაიმარჯვა.

კომპანიის გენერალური დირექტორი ნოდარ ადეიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ „ლისი დეველოპმენტი“ დაახლოებით შვიდი წელია, რაც სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი ისეთ ნომინაციებში ხდება, როგორებიცაა: საუკეთესო დეველოპმენტი საქართველოში, 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი დეველოპმენტი, საუკეთესო შერეული ტიპის დეველოპმენტი, საუკეთესო არქიტექტურა და სხვა.

„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მსგავს დაჯილდოებებში მონაწილეობას. კომპანიამ აღნიშნული ჯილდოების მისაღებად ისეთი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, როგორიცაა სამშენებლო ხარისხი, ენერგოეფექტურობა, მწვანე პრინციპების გამოყენება, კლიენტთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მიმართულებები და ა.შ.

2020 წელს მდგრადი განვითარების პროექტებს განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა. ჩვენ, როგორც კომპანია და პროექტი, ყოველთვის გამოვირჩეოდით მწვანე კონცეფციით, დღეს კი ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მწვანე ქალაქი ლისზე“ კიდევ უფრო მეტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღევანდელი კოვიდ-ტრენდებითაა გამოწვეული“, - განაცხადა ნოდარ ადეიშვილმა.

ლისი დეველოპმენტის ხელმძღვანელის თქმით, „მდგრადი განვითარების საცხოვრებელი დეველოპმენტის“ წოდების მოსაპოვებლადაც პროექტმა არაერთი კრიტერიუმი დააკმაყოფილა.

„პროექტის მწვანე კონცეფცია 80/20-ზე გულისხმობს ტერიტორიის 80%-ის დათმობას მწვანე ზონებისთვის და დამატებითი ინფრასტრუქტურისთვის, და მხოლოდ 20%-ის ათვისებას საცხოვრებელი სახლებისთვის, რაც მას კიდევ უფრო გამორჩეულს და მიმზიდველს ხდის. გარდა ამისა დაჯილდოების ორგანიზატორები ისეთ კრიტერიუმებს აქცევენ ყურადღებას როგორიცაა პროექტის განხორციელებისას გამოყენებული მასალები, მათი ენერგოეფექტურობა, ლოკაციის ეკოლოგიური მხარეები; მწვანე პრინციპების გამოყენება დეველოპმენტში, მაგალითად დაგეგმარების ნაწილში ტერიტორიის ელექტროდამტენებით აღჭურვა, მეორადი წყლის გამოყენება, მზის პანელების გამოყენება და ა.შ.

ჩვენთვის ამ კრიტერიუმების შესრულება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ყოველწლიურად ვცდილობთ ეს მიმართულებები გავაუმჯობესოთ. კომპანიას თავიდანვე მწვანე ხედვა ჰქონდა, რომელიც მხოლოდ სახელში კი არა, ქმედებებითაც ვლინდება. ფაქტია, რომ 2020 წელს ბაზარზე მწვანე კონცეფციისა და დაბალი სიმჭიდროვით დაგეგმარებული პროექტები კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა“, - განმარტა "ლისი დეველოპმენტის" გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა 2018 წელს დეველოპერული კომპანიის „ლისი დეველოპმენტის“ ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა ხოლო კომპანიას B+. ლისი დეველოპმენტი დღემდე რჩება ერთადერთ დეველოპერულ კომპანიად, რომელიც საერთაშორისო რეიტინგს ფლობს.