მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობით მოხდება თებერვლიდან მოლების გახსნა? - მთავრობა დღეს ბიზნესს შეხვდა

5ffc8d5e1b328
ელენე გოგბერაშვილი
11.01.21 21:36
3167
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა. შესაბამისად, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად სავაჭრო მოლები 16 იანვრიდან აღარ ამუშავდება, როგორც ამას ნოემბერში გაცხადებული ეკონომიკის გახსნის გეგმა ითვალისწინებდა.

მას შემდეგ, რაც შეზღუდვების 1 თებერვლამდე გაგრძელების გადაწყვეტილება გამოცხადდა, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარეს. ბიზნესს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, ბიზნესომბუდსმენი, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ეპიდემიოლოგები შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო ის პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება სავაჭრო ცენტრების მუშაობის განახლება.

როგორც ირკვევა, ბიზნესს აქამდე არსებულ რეგულაციებთან ერთად კიდევ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს, რაც თანამშრომელთა რეგულარულ გატესტვას გულისხმობს.

„განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ მოხდეს საქმიანობის განახლება 1 თებერვლიდან. მათ შორის ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რაც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისთვის, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს ფუნქციონირება“ -განაცხადა ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.