მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიტრ რუსულ ბენზინზე მოგების მარჟა 80 თეთრია, ზოგჯერ მეტიც - ლექვინაძე

63e11588d9b39
ინგა მურუსიძე
06.02.23 19:04
1566
საწვავის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია, - შესაბამისი განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ღარიბაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაიაფების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზოგ შემთხვევაში კი ლიტრ ბენზინზე მოგების მარჟა ლარსაც აღწევს.

როგორც ცნობილია, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ზაფხულის შემდეგ სწავლობს საწვავის ბაზარს. სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, მოკვლევის პროცესი აჩვენებს, არის თუ არა თავსებადი 2022 წლის პირველ 7 თვეში საქართველოს საავტომობილო საწვავის ბაზარზე შექმნილი ვითარება კონკურენციის კანონთან. 

როგორც მან bm.ge-ს უთხრა, მოკვლევის შედეგები თებერვალ-მარტში იქნება.

„თუ ჩვენ შევადარებთ პიკურ პერიოდს, რომელიც ფიქსირდებოდა მარტში, როცა ვალუტის კურსი იყო მაღალ ნიშნულზე და შესაბამისად, ყველა ტიპის საწვავზე ფასები იყო საკმაოდ მაღალი, მარტიდან დაიწყო ფასების შემცირება და დღემდე ყველა ტიპის საწვავზე ფასმა 1 ლარიდან, 1.20 ლარამდე დაიკლო, თუმცა ამ ტიპის შემცირების მიუხედავად, კონკრეტულად, რუსეთიდან საწვავის იმპორტის შემთხვევაში, ფასნამატები არის პრაქტიკულად იგივე, დაახლოებით 80 თეთრის არეალში, ზოგ შემთხვევაში მეტიც კი. მიუხედავად საცალო ფასის შემცირებისა, ეს მარჟები რჩება ზუსტად იგივე, როგორც ეს იყო წარმოდგენილი ივნის-ივლისში. ეს საკითხია, რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს საქართველო რუსულ ნავთობპროდუქტებზე გადაერთო. წარსულში რუსეთზე საწვავის იმპორტის 16% მოდიოდა, ხოლო 2022-ში ეს მაჩვენებელი ბაზრის 47%-მდე (623 მილიონ დოლარამდე) გაიზარდა. 

2022 წელს საწვავის იმპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე განაწილდა:

● რუსეთი - $623 მლნ, 657 ათასი ტონა, ზრდა 361%
● რუმინეთი - $252 მლნ, 246 ათასი ტონა, ზრდა 88%
● თურქმენეთი - $159 მლნ, 153 ათასი ტონა, კლება -17%
● ბულგარეთი - $115 მლნ, 115 ათასი ტონა, ზრდა 1%
● აზერბაიჯანი - $51 მლნ, 59 ათასი ტონა, კლება -60%