მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიტვური საცხობი - თუ ფქვილი ისევ გაძვირდა, პურზე ფასი 20%-ით გაიზრდება

6068035ec1b47
ელენე გოგბერაშვილი
03.04.21 10:12
1505
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში პურ-პროდუქტებზე ფასი 7,7%-ით არის გაზრდილი.

როგორც მწარმოებლები ამბობენ, გაძვირდა თითქმის ყველაფერი, რასაც პურის ქარხნები პროდუქტის საწარმოებლად იყენებს. მათ შორის ფასი მომატებულია პურის მთავარ შემადგენელზე, ფქვილზე.

როგორც ლიტვური საცხობის გენერალური დირექტორი bm.ge-თან ამბობს, ფასების კორექტირება გასული წლის ნოემბერში მოახდინეს, თუმცა მას შემდეგ ნედლეული კიდევ უფრო გაძვირდა.

„მაგალითად დღეს შესყიდული 1 ლიტრი ზეთის ღირებულება 1 ლარზე მეტით არის მომატებული. თუ წინა კვირას ვყიდულობდით 4,90 ლარად, ახლა ვყიდულობთ 6 ლარად. ხოლო ფქვილის ფასი, იანვარში თუ 64-65 ლარი იყო, ახლა არის 67-68 ლარი.

თუ ასე გაგძელდა კიდევ მოგვიწევს ფასების გადახედვა. ეს აისახება მტკივნეულად ყველაზე, რადგან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იკლებს. მსყიდველუნარიანობა საკმაოდ შემცირებულია უფრო მეტად პრემიუმ კლასის პურზე, იაფიან პურზე ნაკლებად“-აცხადებს თინათინ ხუციშვილი.

აღსანიშნავია, რომ წისქვილკომბინატების პროგნოზით, თუ ხორბალზე მაღალი ფასი შენარჩუნდა, მოსალოდნელია ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 67 ლარიდან 74 ლარამდე გაძვირდეს. როგორც თინათინ ხუციშვილი ამბობს, მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში პურზე არსებული ფასის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება.

„ეს ძალიან მაღალი ფასია იმისთვის, რომ ახლანდელი ფასი შენარჩუნდეს ამ ღირებულებაზე. ნომერ პირველ ინგრედიენტზე ფასის ზრდა ნიშნავს, რომ 20%-მდე კიდევ უნდა გადაიხედოს ფასები“-აცხადებს ხუციშვილი.

როგორც ცნობილია, იმისათვის, რომ ძირითადი მოხმარების პური არ გაძვირდეს, მთავრობამ ფქვილის სუბსიდირების პროგრამა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. 4 თვის განმავლობაში (დეკემბერი-მარტი) პურის გაძვირების გადაზღვევა ბიუჯეტს 10 მილიონი ლარი დაუჯდა. პროგრამის კიდევ სამი თვით გაგრძელებისთვის კი კიდევ 4-5 მილიონის დამატება გახდა საჭირო.