მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Liveboard - ონლაინ პლატფორმა მასწავლებლებისთვის

63cfdd025d2cd
BM.GE
24.01.23 17:27
604
Liveboard 4 თანამოაზრისგან დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც სპეციალურად მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი. ის ეხმარება მათ, არა მხოლოდ მართონ, არამედ განავითარონ საკუთარი ბიზნესი და მთელი სასწავლო პროცესი ერთ პლატფორმაზე აწარმოონ.

Liveboard იმ რჩეულ სტარტაპებს შორისაა, რომლებიც 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდნენ.

სტარტაპის შესახებ კი მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ჰასმიკ ტერ-გრიგორიანს გავესაუბრეთ:

- გვიამბეთ, როგორ გაჩნდა Liveboard-ის შექმნის იდეა?

თავდაპირველად, Liveboard შეიქმნა როგორც პლატფორმა, რეალურ დროში თანამშრომლობისთვის. როდესაც Covid-19-ის პანდემია დაიწყო, გადავწყვიტეთ, პროდუქტის ახალი ვერსია შეგვექმნა სპეციალურად მასწავლებლებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივიდა.

- მოგვიყევით Liveboard-ის დამფუძნებლების შესახებ. რა გამოცდილება გაქვთ განათლების სფეროში?

სტარტაპს 4 თანადამფუძნებელი ჰყავს. ტიგრანს (CEO), იერემს (COO) და სარქისს (CTO) ტექნიკური კვალიფიკაცია აქვთ. მათ ნებისმიერი ტექნიკური საკითხის გადაჭრა შეუძლიათ. მე კი პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება და კომუნიკაციის ძლიერი უნარი გამაჩნია.

საერთო ჯამში, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს კომპანიის და სტარტაპის შენებაში, ბიზნესის განვითარებასა და პროდუქტის მენეჯმენტში.

- რას სთავაზობს თქვენი სტარტაპი მომხმარებელს და რა პრობლემას წყვეტს იგი?

Covid-19-ის პანდემიიდან მოყოლებული, „ახალმა რეალობამ“ ათასობით მასწავლებლისთვის უამრავი შესაძლებლობა შექმნა, მათ შორის იმის, რომ დაეწყოთ საკუთარი რეპეტიტორული ბიზნესი.

თუმცა, დღემდე, მასწავლებლები ძალიან დიდ დროსა და ფულად რესურსებს კარგავენ იმაში, რომ ააწყონ თავიანთი ბიზნესი, ასწავლონ სტუდენტებს, უზრუნველყონ მოსწავლეების სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობა და ა.შ.

სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით LiveBoard-ის პლატფორმა, რომელიც ეხმარება მასწავლებლებს შექმნიან ონლაინ გარემო, რათა რეალურ დროში ასწავლონ და ითანამშრომლონ სტუდენტებთან, შეიმუშაონ გრაფიკი, მიიღონ გადახდები და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.

ამ გზით ჩვენ ვამცირებთ მასწავლებლის სამუშაო დატვირთვას, ვზრდით ეფექტურობას და ვაძლევთ მათ საშუალებას, მეტი დრო დაუთმონ ახალი სტუდენტების მოზიდვას.

- როგორ დაიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა?

პირველი ნაბიჯი იყო თანამოაზრე ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდის შექმნა - იმ ადამიანების პოვნა, რომლებსაც არ ეშინოდათ გამოწვევების და იზიარებდნენ მისიას, რომ განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

- რა არის ის სირთულეები, რომლებსაც Liveboard-ის შენების პროცესში გადააწყდით?

პროდუქტის ტექნიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია, რადგან ჩვენს გუნდს ნამდვილად შეუძლია ტექნიკური პრობლემების გადაჭრა.

თუმცა, განვითარების გზაზე მაინც ბევრი სირთულე შეგვხვდა. განსაკუთრებით დიდი გამოწვევა იმ დროისა და მატერიალური რესურსის მოძიება იყო, რომელიც განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად სჭირდება სტარტაპს.

- 500Georgia-ს გარდა, გიცდიათ ბედი სხვა აქსელერატორში?

დიახ, ადგილობრივ აქსელერატორში - „Hero House“.

- რატომ 500Georgia?

ერთი მხრივ, 500 გვაძლევს შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ ძლიერ მენტორებთან, რომლებიც გვეხმარებიან, უკეთ გავიგოთ ჩვენი რეალური აუდიტორია, ასევე, გავიგოთ მეტი ბაზრის შესახებ და მივიღოთ რჩევები, თუ როგორ ვიმუშაოთ კლიენტებთან.

მეორე მხრივ, 500Georgia-ს ფარგლებში, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეთ და დავუმეგობრდეთ უამრავ გამორჩეულ მეწარმეს და მოვახდინოთ ჩვენი გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება. ეს არის ნდობის, პროფესიონალიზმის, ენთუზიაზმისა და მონდომების დაუჯერებელი ატმოსფერო.

- რას ელით ამ პროგრამისგან?

ტექნიკური სტარტაპებისთვის აუცილებელია, მონაწილეობა მიიღონ ასეთ გლობალურ პროგრამაში, რათა პრაქტიკაში გაიგონ რა უნდა გააკეთონ სტარტაპის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

ასევე, 500-ს დიდ პატივს სცემენ ტოპ ტექნიკური ინვესტორები, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აქსელერატორს. მის პროგრამაში მოხვედრა კი ავტომატურად ნიშნავს, რომ სტარტაპი გლობალური ყურადღების ღირსია. გარდა ამისა, დამფუძნებლები იღებენ წვდომას 500-ის მენტორებისა და მრჩევლების უზარმაზარ ქსელზე, რაც ამ პროგრამას ფასდაუდებელს ხდის.

- და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამწუხაროდ, დღესდღეობით ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, რომელშიც რთულია მომავალზე დამაჯერებლად საუბარი. მაშინაც კი, როდესაც ერთი კვირით ადრე ვგეგმავთ ყველაფერს, შეუძლებელი ხდება კრიზისული სიტუაციების განჭვრეტა როგორც ადგილობრივად, ისე - გლობალურად.

თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ რთული მიზნების დასახვას. ჩვენი ამჟამინდელი ამოცანა არის 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის გაუმჯობესებული პროდუქტით, KPI-ებით და მკაფიო მასშტაბის სტრატეგიით დასრულება. ხოლო, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვგეგმავთ, LiveBoard მსოფლიოს დე ფაქტო სტანდარტულ პლატფორმად ვაქციოთ ონლაინ რეპეტიტორებისთვის.
NS