13.მაისი .2022 14:29

ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
views 1281
უკან

ლიზინგი ფინანსური ბაზრის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. საქართველოში მისი განვითარება ხელს უწყობს ბაზრის დივერსიფიკაციას.
რას გულისხმობს ეს სერვისი, რა სფეროების დაფინანსებაა შესაძლებელი და რა პერსპექტივები აქვს ლიზინგს საქართველოში, ბბ ლიზინგის კომერციული დირექტორი, მალხაზ ხარჩილავა, გვესაუბრა.

ლიზინგი, ფინანსური ბაზრის შემადგენელი ელემენტი - რამდენად განვითარებულია სალიზინგო ბაზარი საქართველოში?

თავდაპირველად კარგი იქნება თუ განვმარტავთ რა სახის ფინანსური სერვისია ლიზინგი. ლიზინგი აქტივით სარგებლობის უფლებაა, რომელსაც სალიზინგო კომპანია გადასცემს ლიზინგის მიმღებს, მასზე მორგებული გადახდის გრაფიკით.

ევროპის ქვეყნებში, ძირითადი საშუალებები, უმეტესად, სწორედ ლიზინგით ფინანსდება. საქართველოში კი სალიზინგო ბაზარი ფორმირების პროცესშია.

მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ლიზინგის, როგორც ფინანსური პროდუქტის, ცნობადობის გაზრდა მოსახლეობაში. გარდა ამისა, აუცილებელია, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, რაც მიმდინარე პროცესია და გარკვეულ დროს მოითხოვს. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ეტაპების გავლის შემდგომ, სალიზინგო სექტორის როლი ფინანსურ ბაზარზე გაიზრდება.

რომელი სალიზინგო პროდუქტებია ამჟამად ყველაზე მეტად გავრცელებული?

არსებულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სალიზინგო პროდუქტები ავტოლიზინგი და ძირითადი საშუალებების ლიზინგია.

ავტოლიზინგის შემთხვევაში ვაფინანსებთ, როგორც მეორად, ისე ახალ ავტომობილებს. მეორადი ავტომობილები საქართველოში უმეტესად ამერიკის აუქციონების გზით შემოდის, შესაბამისად, მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის წამყვან ავტოაუქციონებზე.

ძირითადი საშუალებების ლიზინგში, ყველაზე ხშირად, სამშენებლო ტექნიკის დაფინანსებაზეა მოთხოვნა. სამშენებლო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი სფერო საქართველოში, შესაბამისად ჩვენი კომპანია მხარს უჭერს ბიზნესს, დახვეწოს სამუშაო პროცესი, აქტივების განახლების ხარჯზე.

ზოგადად, როდესაც კომპანიას ვაფინანსებთ, ვცდილობთ მის საქმიანობას სრულად გავეცნოთ, გავითვალისწინოთ მათი სამომავლო გეგმები, მასშტაბური სურათი დავინახოთ და ბიზნესს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ. ბიზნესის მიზნობრიობის შემთხვევაში უკულიზინგით დაფინანსებაც შესაძლებელია.

რას ნიშნავს უკულიზინგი, რასაც მომხმარებლებს სთავაზობთ?

მარტივად რომ განვმარტო, თუ ბიზნეს ოპერატორს სჭირდება ნაღდი ფული და ის გარკვეულ აქტივებს ფლობს, მათ ჩანაცვლებას დროებით ნაღდი ფულით ვთავაზობთ. ბიზნესს ვეხმარებით, რომ საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახადოს.

ჩვენი დაფინანსების პოლიტიკა გამორიცხავს სალომბარდე შინაარსის გარიგებებს, შესაბამისად, კონკურენციაში არ შევდივართ სალომბარდო ბაზართან, რაც საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია. თუ ფიზიკურ პირს სჭირდება თანხა და ამის სანაცვლოდ გვთავაზობს აქტივს - ავტომობილს, ეს უკვე სალომბარდე საქმიანობაა.

რა არის ლიზინგის, როგორც ფინანსური პროდუქტის უპირატესობები და ბბ ლიზინგის უპირატესობები?

ლიზინგის მთავარი უპირატესობაა ის, რომ დამატებით უზრუნველყოფას არ საჭიროებს, რადგან თავად ლიზინგით გაცემული აქტივი ასრულებს გირაოს როლს.

მარტივად რომ განვიხილოთ, ახალი საწარმოს დაკომპლექტებისას მაღალია ალბათობა იმისა, რომ სესხით სარგებლობის შემთხვევაში დამატებითი უზრუნველყოფის საჭიროება დადგეს. საწარმოს კი, რომელსაც საქმიანობისათვის შესაბამისი დანადგარების შეძენა სურს, ფიზიკურად არ გააჩნდეს შესაბამისი ღირებულების საგირავნო აქტივი.

ბბ ლიზინგის კონკურენტული უპირატესობებიდან, პირველ რიგში, გამოვყოფ მოქნილობას და სისწრაფეს, როგორც განაცხადის განხილვის, ისე ლიზინგის გაცემის პროცესში.

ლიზინგის მიმღებისათვის დამატებით ბენეფიტს წარმოადგენს სალიზინგო აქტივის ლიკვიდურობის სწორი შეფასება. იმის გათვალისწინებით, რომ ლიზინგის საგანი სალიზინგო ხელშეკრულების დასრულებამდე სალიზინგო კომპანიის საკუთრებაშია, მნიშვნელოვანია აქტივის ღირებულებისა და მისი ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობა. კონტრაქტის დასრულების შემდგომ კი აქტივი ლიზინგის მიმების საკუთრებაში გადადის.

ჩვენი მთავარი ღირებულება პასუხისმგებლიანი დაფინანსებაა, აქედან გამომდინარე თითოეული მომხმარებლის გადახდისუნარიანობას სწორად ვაანალიზებთ და ვცდილობთ ყოველი გაფორმებული ხელშეკრულება იყოს ორმხრივ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული.

როგორ შეაფასებთ გავლილ პერიოდს საქმიანობის დაწყებიდან - დღემდე? როგორია ბბ ლიზინგის გეგმები?

ჩვენი კომპანია სულ რამდენიმე წელია რაც დაარსდა, აქტიური ოპერირებიდან მალევე დაიწყო პანდემია, რაც ჩვენი პროფილის ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. პანდემიის პირობებშიც კი ვეცადეთ, განვითარების სწორი კურსი შეგვენარჩუნებინა და გასული წლები მოგებით დავასრულეთ.

ჩვენ თითოეული მომხმარებლის საჭიროება ინდივიდუალურად განვიხილეთ, როგორც გრაფიკის გადავადების, ისე რესტრუქტურიზაციის კუთხით. ამასთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გუნდში დასაქმებულ თითოეულ წევრს ჰქონოდა სტაბილურობის განცდა. კოვიდ პანდემიით გამოწვეული შემცირებული მოთხოვნის პირობებში, გამოთავისუფლებული ადამიანური რესურსი, სწორად და ეფექტურად მივმართეთ პროცესების გამარტივებისა და პროდუქტების დახვეწისაკენ. მიმდინარე წელს კი ჩვენც ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ახალი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. ის ვითარება, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია, ბუნებრივია განაპირობებს სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებასაც. ასევე მნიშვნელოვნადაა გართულებული ლოჯისტიკური პროცესებიც.

ჩვენი გეგმების ჩამოყალიბება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და საქმიანობის პერიოდში დაგროვებული გამოცდილების გაანალიზების შესაბამისად ხდება. ვმუშაობთ ახალი პროდუქტების შექმნაზეც, თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თითოეულ აქტივობასა თუ შეთავაზებას პასუხისმგებლობით მივუდგეთ. მდგომარეობის დასტაბილურების შემთხვევაში, ცხადია გვაქვს უფრო ამბიციური გეგმები, თუმცა ამ ეტაპზე ფრთხილი ოპტიმიზმით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს.

(NS)