მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LNG ტერმინალის პროექტს $4 მილიარდამდე სჭირდება - ენერგეტიკოსი

637f71fd98681
შოთა ტყეშელაშვილი
24.11.22 18:49
1416
მიმდინარე თვეს საქართველოში ვიზიტით ჩამოსულმა ევროკომისარმა ოლივიე ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოში განიხილება ახალი LNG (გათხევადებული გაზის) ტერმინალის მშენებლობა, რომლითაც EU-სთვის გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით მთავრობამ განმარტა, რომ საუბარია პროექტ AGRI-ზე, რომელიც წლების წინ განიხილებოდა, თუმცა აღარ განხორციელდა.

„საქართველოს აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჰქონდა დაწყებული პროექტი AGRI, რომელიც გულისხმობდა კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის, საქართველოს გავლით, ისე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდებოდა თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღეს კი გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში AGRI-ს შესახებ ენერგეტიკოსმა არჩილ მამათელაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მთლიანი პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა, რადგანაც მასთან ერთად საქართველოს მილსადენების სისტემის განვითარებაც აუცილებელია. არჩილ მამათელაშვილის განმარტებით, ქართულ მილსადენებს დამატებით მხოლოდ 1.5 მილიარდი კუბური მეტრის გატარება შეუძლია, ხოლო იმისთვის, რათა პროექტი რენტაბელური იყოს, საჭიროა, მან წლიურად 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მაინც გაატაროს.

“ერთი საკითხია როგორ უნდა მოვიდეს ეს გაზი. შეიძლება არსებული ინფრასტრუქტურა არ იყოს საკმარისი. თავდაპირველი სიმძლავრეები, რომლებიც განიხილებოდა, დაახლოებით 8 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის იყო, ხოლო 8 მილიარდი კუბური მეტრის არსებულ ინფრასტრუქტურაში გატარება შეუძლებელია, რადგანაც თავისუფალი სიმძლავრე არსებულ სისტემას არ აქვს. ეს შეიძლება იყოს 1-1.5 მილიარდი კუბური მეტრი.

ამიტომ საჭირო იქნება დამატებითი მილსადენის აშენება, რაც ძალიან დიდ კაპიტალურ დანახარჯს უკავშირდება.

გაზის გადასაზიდად გამოიყენება ტანკერები. მათ შორის ყველაზე მცირე არის 125,000 კუბური მეტრის და არის დაახლოებით 270,000 კუბური მეტრის. ამ ტანკერებმა რომ შეძლონ პორტში შემოსვლა, სჭირდებათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ფოთის პორტში მაგალითად, მაქსიმალური სიღრმე არის 8.4 მეტრი, ხოლო აქ საჭიროა მინიმუმ 9 მეტრის სიღრმე.

ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შეჩერდა, რაც შეეხება გათხევადების ტექნოლოგიას, ის არ არის რთული დასაყენებელი, თუმცა ძვირია. ანალოგიურად უნდა გაკეთდეს ქალაქ კონსტანტაშიც, თუმცა უფრო მეტი რამ საქართველოს მხარეს არის ასაშენებელი. ამიტომ ბევრი რამე უნდა გაკეთდეს.

AGRI-ის პროექტი 2.5-დან 4 მილიარდ დოლარამდე მოცულობისაა, შესაბამისად ეს ინვესტიცია საკმაოდ დიდია, რომ თავად საქართველომ განახორციელოს.

აზერბაიჯანმა პირობა მისცა ევროკავშირს, რომ ის მიაწვდის დაახლოებით 22 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყოველწლიურად 2026 წლის შემდეგ. ანუ აზერბაიჯანმა დაახლოებით 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი უნდა მოახდინოს. ეს რიცხვიც დასაზუსტებელია თუ რამდენად შესაძლებელია ის,”- განცხადა არჩილ მამათელაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია რა სახით შეიძლება მოხდეს ამ პროექტის განვითარება.