მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოგისტიკაში პრობლემებია, საჭიროა ალტერნატიული გზების, მაგალითად ყარსი–ახალქალაქის რკინიგზის ამოქმედება– ბიზნესმენი

619f47c776180
ინგა მურუსიძე
25.11.21 16:40
812
კომპანია “ჯერმან ბაზალთ ფაიბერს ჰოლდინგ” გენდირექტორი გიორგი გოგოლაძე აცხადებს, რომ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ნედლეულის წარმოებით არიან დაკავებული, ფანტასტიური შანსი აქვთ, რომ ევროპულ ბაზარზე ფეხი მოიკიდონ. ამის შესახებ მან ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცახდა.

მისი განმარტებით, Basalt Fibers აწარმოებს ბაზალტის ბოჭკოს როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, თუმცა ქართული ტექნოლოგიით. ბიზნესმენი აქცენტს ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე აკეთებს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„DCFTA არის შანსი, რომ პროდუქტები, რომლებიც ევროპაში აღმოსავლეთიდან მოდიოდა, საქართველოდან ჩანაცვლდეს. DCFTA ძალიან კარგი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც შეიძლება“, - აცხადებს გოგოლაძე.

მისივე თქმით, არსებობს ლოგისტიკური პრობლემები, როგორც ევროპაში, ისე საქართველოში.

„პანდემიიდან გამომდინარე გაჩნდა პრობლემა, რაც იყო მძღოლების ავადმყოფობა, მოწოდების შენელება, გადაწყვეტილებები, რომლებიც დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის დავამ გამოიწვია და ა.შ. თუ საქართველომ აითვისა ლოგისტიკური გზები და თუკი საქართველოდან ევროპაში მალე მოხდა პროდუქტის მიწოდება, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, არსებული პროდუქტის ქართულით ჩანაცვლებაც მოხდეს. ახლა არის საუკეთესო დრო, გლობალური ეკონომიკური არეულობის დროს...

ჩვენთან ლოგისტიკური ტიპის შეფერხება შეიძლება იყოს ტრაილერები, რომლებიც სახმელეთო გზით დადიან. ვინაიდან დიდი რაოდენობის პროდუქტი არ გადის ექსპორტზე, ლოგისტიკურ კომპანიებს უწევთ ლოდინი, რომ შეივსოს ტვირთი და მერე წავიდეს რეისი. საჭიროა, ამოქმედდეს სხვა გზები, ეს იყოს სარკინიგზო გზა საქართველო-ევროპას შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამოქმედდეს ყარსი-ახალქალაქის გზა, რომელიც ამდენი ხანია დაგეგმილია, ეს იქნებოდა ფანტასტიური შესაძლებლობა, ქვეყანას მიეცეს დამატებითი საშუალება“, - აღნიშნა მან.