მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოკაციები თბილისში, სადაც 23-24 ოქტომბერს ტრადიციული გარევაჭრობა გაიმართება

61668a5077c60
ინგა მურუსიძე
13.10.21 11:33
1074
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის გარევაჭრობა დაშვებული იქნება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, 23-24 ოქტომბერს დედაქალაქში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, მოქალაქეებს სოფლის ნობათის გაყიდვა შეეძლებათ.

„23-24 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საშემოდგომო ნობათს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას საქართველოს ყველა კუთხიდან. ამისთვის  დედაქალაქში სპეციალური ადგილები გამოიყოფა. თქვენ იცით, რომ ყოველ თბილისობას რეგიონებიდან, სოფლებიდან ჩამოდიან ადამიანები და ჩამოაქვთ პროდუქტები, რომლის გაყიდვის საშუალება იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა შემდეგ ლოკაციებზე იქნება ნებადართული: ჩუღურეთი - მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია; სამგორში - ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია; გლდანში - ნოზაძის ქუჩა; დიდუბეში - დიდუბე-პლაზას მიმდებარე ტერიტორია; დიღმის მასივში - პაიჭაძის ქუჩაზე; საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და ვაკეში - გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორია.

გარდა ამისა, კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისობის დღესასწაულზე დაგეგმილი ონლაინკონცერტი გაუქმდა და გამოყოფილი თანხა ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი და დაზარალებული მოქალაქეების ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხა. 

ამასთან, თბილისის მერის თქმით, კონცერტი გაუქმებულია, თუმცა საპატიო თბილისელები წელსაც დასახელდებიან.