მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლოკოკინების მთლიან ექსპორტში ჩვენი მოცულობა წელს 50%-ზე მეტი იქნება“ – Nadi Group

63c640aae0859
თათია კაკიაშვილი
17.01.23 22:07
663
„ვფიქრობთ, რომ ლოკოკინების მთლიან ექსპორტში ჩვენი მოცულობა წელს 50%-ზე მეტი იქნება,“ - ამის შესახებ BMG-ის Nadi Group-ისა და Snail Catch-ის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის 2021 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი დაიშვა, ლოკოკინების ბაზარზე ახალი შესაძლებლობები გაჩნდა.

მერაბ ნადარაია ამბობს, რომ ევროპის ბაზარზე დაახლოებით 440 ათასი ტონა ლოკოკინის ექსპორტია შესაძლებელი, ხოლო საქართველოდან ამ მოცულობის ნახევარზე მეტის მობილიზება Nadi Group-ს და ახალ - Snail Catch-ს შეუძლია.

"ვცდილობთ, რომ საქართველოში ეს ბიზნესი გავაფართოოთ და ფერმერებს შორის ინტერესი გამოვიწვიოთ, რათა ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერი ჩაერთოს. საქართველოში რამდენიმე წელიწადში ლოკოკინის დაახლოებით 3 000 ტონამდე წარმოება შეიძლება. ეს ჯერჯერობით არ არის დიდი პროცენტი, საერთო ბაზრის 1%-იც არ არის. სამუშაო საკმაოდ სკრუპულოზურია და ძალიან ზუსტი მუშაობა სჭირდება. სიძნელეები დიდი არ არის, მაგრამ ბევრი ყურადღება სჭირდება,“ - განაცხადა მერაბ ნადარაიამ.

რაც შეეხება რისკებსა და გამოწვევებს, ნადარაია ამბობს, რომ ისინი უმეტესად ბუნებრივ პირობებში გამოჩნდა, რამდენადაც ლოკოკინების ბიზნესი საქართველოსთვის მეტ-ნაკლებად ახალი მიმართულებაა.

„მთავარი სირთულეა მაღალი სიცხიანობა დასავლეთ საქართველოში და მუშახელის მოუმზადებლობა, - სპეციალისტების მოუმზადებლობა ამ ბიზნესისადმი. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა. ჩვენ ვატარებთ სწავლებებს და ვფიქრობთ, რომ ამისი აღმოფხვრა შეიძლება. ასევე, საქართველოს მხარეების მიხედვით კალენდარი არის შესაცვლელი - დასავლეთ საქართველოში უფრო ზამთრის კალენდარზე ვართ გადასული იმისთვის, რომ ლოკოკინა უპრობლემოდ მოვიყვანოთ, მათ მაღალი სიცხეები აზიანებს და მეტი ინვესტიციებია საჭირო ლოკოკინების დასაცავად. ასე რომ, ამას ყველაფერს ვსწავლობთ. ეს გამოწვევები შესაძლებელია, რომ აღმოიფხვრას და როგორც ყველა ბიზნესს, ამასაც სჭირდება ტექნიკური, მეცნიერული მხარდაჭერა, რომელსაც განვითარება სჭირდება ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც გადაიდგმება ნაბიჯები,” - განაცხადა ნადარაიამ.

ცნობისთვის, Nadi Group-ი საქართველოში ლოკოკინების მოშენებით 2018 წლიდანაა დაინტერესებული და ქვეყნის მასშტაბით მთლიანობაში ლოკოკინის 40-მდე ფერმას ფლობს, მათგან უმეტესობა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოშია მოწყობილი.