მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოკომოტივის სასინჯი თხრილის შეკეთების სამუშაოებზე, ტენდერში შეუსაბამო გამოცდილების მქონე კომპანიამ გაიმარჯვა - აუდიტი

6414b355a34eb
ალა ისპირიანი
17.03.23 22:35
831
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სს „საქართველოს რკინიგზის“ 2020-2021 წლების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის მიხედვით, არასათანადოდ განსაზღვრული სატენდერო მოთხოვნები გამოვლინდა.

საუბარია, 2021 წელს გამოცხადებულ 282,374 ლარის სავარაუდო ღირებულების ელექტრონული ტენდერის შესყიდვის ობიექტზე, რომელიც ლოკომოტივის სასინჯი თხრილის შეკეთების სამუშაოებს წარმოადგენდა.

სატენდერო დოკუმენტაცია აღნიშნული სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებდა სამ სხვადასხვა ობიექტზე. სატენდერო პირობებით, პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა მინიმუმ რკინა-ბეტონის მოწყობის, რკინა-ბეტონის კიბეების მოწყობის და ელ. გაყვანილობის განხორციელების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოედგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.

აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტის შესაძლებლობების შესაფასებლად შემსყიდველს სხვა საკვალიფიკაციო ან/და ტექნიკური მოთხოვნა, მაგალითად, გამოცდილების მინიმალური თანხობრივი ზღვარი, არ განუსაზღვრავს.

ტენდერში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს „სამშენებლო კომპანია ბარსიმ“, შერჩევა-შეფასების ეტაპზე გამოცდილების დასადასტურებლად წარადგინა ტენდერის გამოცხადებიდან 5 დღის შემდეგ ფიზიკურ პირთან გაფორმებული 420 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ეზოს მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით სამუშაოები მოიცავდა რკინა-ბეტონის ფუნდამენტის მოწყობას, რკინა-ბეტონის კიბეების მოწყობას, ელგაყვანილობის დემონტაჟს და მონტაჟს.

პრეტენდენტმა ასევე წარადგინა 2021 წლის 17 ოქტომბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელს შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.

პრეტენდენტს გამოცდილების დასადასტურებლად, ასევე წარმოდგენილი ჰქონდა ორი სახელმწიფო ტენდერის განაცხადის ნომერი, თუმცა აღნიშნული ტენდერების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები არ შეესაბამებოდა პრეტენდენტის მიერ გამოცდილების შესახებ სატენდერო პირობებში არსებულ მოთხოვნებს.

სატენდერო კომისიამ პრეტენდენტი გამოაცხადა გამარჯვებულად და გაუფორმა 90,143 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. ხელშეკრულების
მიხედვით, მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2021 წლის 20 დეკემბრიდან 165 კალენდარულ დღეში, 2022 წლის 3 ივნისის ჩათვლით. კომპანიის განმარტებით, მიმწოდებელს სამუშაოების, დაახლოებით, 15% შესრულებული ჰქონდა 2022 წლის იანვრის მდგომარეობით და მას შემდეგ სამუშაოები აღარ გაუგრძელებია, რის შესახებაც კომპანია პერიოდულად იღებდა ინფორმაციას ტექნიკური ზედამხედველისგან. 2022 წლის 3 ივნისიდან მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა პირგასამტეხლო, რომლის დარიცხვაც ხელშეკრულების მიხედვით,14 უნდა შეწყვეტილიყო მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევდა საერთო ღირებულების 5%-ს.

დაკისრებულმა პირგასამტეხლომ აღნიშნულ მოცულობას მიაღწია 2022 წლის 22 ივლისს, თუმცა შემსყიდველმა არ შეწყვიტა ხელშეკრულება და არ მოითხოვა საგარანტიო თანხის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი გარანტია ძალაში იყო 2022 წლის 29 ივლისის ჩათვლით.

შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, შემსყიდველმა სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულება შეწყვიტა მხოლოდ 2022 წლის 11 აგვისტოდან და მიმწოდებელს დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით, თუმცა მიმწოდებელს აღნიშნული შეტყობინება ვერ ჩაბარდა მისამართზე ადრესატის არ ყოფნის გამო.

კომპანიამ წარმოადგინა ტექნიკური ზედამხედველის 2022 წლის 22 აგვისტოს წერილი, რომლის მიხედვითაც შპს „სამშენებლო კომპანია ბარსის“ მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღისთვის შეადგინა 6,470 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე, რაც კომპანიის განმარტებით, აღემატებოდა საგარანტიო უზრუნველყოფის თანხას და შესაბამისად, აღარ გახდა საჭირო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოთხოვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ შემსყიდველმა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით შესყიდვების სააგენტოს მიმართა დაგვიანებით, 2022 წლის 25 ოქტომბერს, აუდიტის მიმდინარეობისას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აუდიტის ჯგუფი დაინტერესდა აღნიშნული საკითხით.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, კომპანიის მხრიდან სატენდერო დოკუმენტაციაში პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნები არ იყო სათანადოდ განსაზღვრული, რის გამოც ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შესყიდვის ობიექტის მოცულობასთან შეუსაბამო გამოცდილების მქონე კომპანია, რომელმაც ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულება.

კომპანიამ ვერ განახორციელა სათანადო კონტროლი ხელშეკრულების შესრულებაზე და ხელშეკრულება შეწყვიტა დაგვიანებით, რის გამოც ვერ შეძლო 3,820 აშშ დოლარის ოდენობის საგარანტიო თანხის გამოთხოვა. კომპანიის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღისათვის, კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ღირებულება აღემატებოდა საგარანტიო უზრუნველყოფის თანხას და შესაბამისად, აღარ გახდა საჭირო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოთხოვა.

შემსყიდველს სატენდერო დოკუმენტაციით არ ჰქონდა მოთხოვნილი საჯარო აუდიტორის სერტიფიკატი, როგორც საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი წინაპირობა, რითაც შექმნა არაუფლებამოსილი აუდიტორების მხრიდან მომსახურების გაწევის რისკი.