მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის ბირჟაზე გასვლა, ციფრული სერვისების განვითარება - გიორგი შაგიძე MAIB-ის 4 პრიორიტეტზე საუბრობს

61f92f075a46e
შოთა ტყეშელაშვილი
01.02.22 18:16
993
მოლდოვას უმსხვილესი ბანკის - MAIB-ის გენერალური დირექტორი გიორგი შაგიძე ბანკის სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ექსკლუზიურად გადაცემა BMG Checkpoints-ს ესაუბრა. MAIB-ზე ამჟამად მოლდოვის საბანკო საკრედიტო პორტფელის 35% მოდის და ის ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი კერძო ფინანსური ინსტიტუტია.

გიორგი შაგიძის განცხადებით, მას აქვს ოთხი ძირითადი პრიორიტეტი, რომელთა განხორციელებაზეც ბანკი უკვე მუშაობს. მათ შორისაა ბანკის ციფრული განვითარება, ასევე რეგიონული ექსპანსია, სერვისების გაუმჯობესება და საფონდო ბირჟაზე გასვლა.

ნომერ პირველი არის სერვისის ხარისხი, მომხმარებელი არის იმ ყველაფრის ცენტრში, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ბრენდის განახლება გავაკეთეთ და განსაკუთრებით დიდ ფილიალებში შევცვალეთ ოპერირების მოდელი.

ნომერ მეორე არის ციფრული სერვისების განვითარება. ვავითარებთ და ვაუმჯობესებთ ჩვენს ციფრულ შეთავაზებებს, ასევე ჩვენ ციფრულ აპლიკაციას და ინტერნეტ ბანკს. ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შევქმნათ ე.წ. “სუპერ აპლიკაცია”.

მესამე პრიორიტეტია ბირჟაზე გასვლა და IPO-ს განხორციელება; როდესაც ქვეყნის უმსხვილესი ბანკი აკეთებს IPO-ს, ეს ინვესტორებს ქვეყანაში შესვლის ახალ გზას უხსნის. შესაბამისად, MAIB-ის ბირჟაზე გასვლა იმაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა ვიდრე მხოლოდ ჩვენი ბანკის დალისტვა, რადგანაც ის ახალ ინვესტორებს უხსნის გზას მოლდოვაში ინვესტირებისთვის და ამას ექნება დადებითი გავლენა მთელ ბიზნეს კლიმატზე. ჩვენ ამაზე მუშაობა დავიწყეთ, თუმცა მრავალი რეგულატორული ცვლილებებია საჭირო. ახლახანს ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოლდოვას გაცნობის დღეც მოვაწყეთ და წელს ინვესტორებთან საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაციას ვგეგმავთ.

მეოთხე პრიორიტეტია რეგიონული ექსპანსია და განვითარება. ესეც ჩვენი ციფრული არხების გაძლიერებით გვსურს მოხდეს, მაგალითად, 1 მილიონი მოლდოველი ცხოვრობს ევროკავშირის ტერიტორიაზე და გვსურს მათ შევთავაზოთ ახალი სერვისები და შესაძლებლობები.

კითხვაზე - თუ როდის გეგმავს ბანკი ბირჟაზე გასვლას, გიორგი შაგიძე პასუხობს, რომ ამ დროისთვის IPO-ს განხორციელება 2023 წლის პირველ ნახევარში განიხილება.

“სწორი პოზიციონირებაა საჭირო IPO-სთვის, სწორ ინვესტორებთან კომუნიკაცია და სწორი ფასის და სტრატეგიის განსაზღვრა. ბანკს აქვს კარგი და შესაბამისი ფინანსური მაჩვენებლები ამისთვის. ამჟამად განიხილება 2023 წლის პირველი ნახევარი როდესაც უნდა მოხდეს აქციების საჯარო შეთავაზება. თუმცა ეს შეიძლება იყოს უფრო ადრეც ან გვიან,” - ამბობს გიორგი შაგიძე.

2018 წლიდან, MAIB-ის უმსხვილესი აქციონერია HEIM Partners Limited, გაერთიანებული სამეფოს რეგისტრირებული კომპანია, რომელიც წარმოადგენს ინვესტორთა კონსორციუმს, რომელიც შედგება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, Invalda INVL (აქტივების მართვის წამყვანი ჯგუფი ბალტიის ქვეყნებში) და Horizon Capital (კერძო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ევროპის ბაზრებზე). გიორგი შაგიძის განმარტებით, ბანკში კორპორატიული მმართველობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

“კორპორაციული მმართველობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვყავს 7 ადამიანისგან შემდგარი ბორდი, საიდანაც სამი დამოუკიდებელი წევრია, ხოლო კომიტეტების ხელმძღვანელები უმეტესად დამოუკიდებელი წევრები არიან. EBRD არის ჩვენი ერთ-ერთი მეწილე და ის კორპორატიზაციის პროცესში ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერია,” - აცხადებს გიორგი შაგიძე.

გიორგი შაგიძე MAIB-ს 2021 წლის თებერვლიდან მართავს.