მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Louis Vuitton-ის მფლობელმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეითსს გადაასწრო

5dc298b3d202b
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 19:10
1965

Louis Vuitton-ისა და Dior-ის მფლობელმა, ფრანგმა ბიზნესმენმა ბერნარ არნომ უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ამერიკელ მილიარდერ ბილ გეითს გადაუსწრო.


Forbes Real-Time-ის მიხედვით, ამ ეტაპისთვის ფრანგი ბიზნესმენი სიაში მეორე ადგილზეა; მას "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი დაახლოებით, 5 მლრდ დოლარით უსწრებს. 5 ნოემბრის მდგომარეობით, არნოს ქონება 107 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ბილ გეითსის კი -  $106.8 მლრდ-ად.

 

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში, როდესაც Forbes–მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, არნოს ქონება 46 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ივლისში კი, ის 100 მილიარდ დოლარს გასცდა.



აღსანიშნავია, რომ უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში უორენ ბაფეტი (87,3 მილიარდი დოლარი) და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი (72 მილიარდი დოლარი) კვლავ არიან.


ცნობისთვის: ბერნარ არნო 1989 წლიდან ხელმძღვანელობს კომპანია LVMH–ს, რომელიც ფუფუნების საგნების წარმოებასა და გაყიდვაში, ლიდერია. უკანასკნელ წლებში, ის ევროპულ ინტერნეტ–ბიზნესშიც ჩაერთო.



ფრანგი მილიარდერი ქველმოქმედებით აქტიურად არის დაკავებული. „ლუი ვიტონის“ დამფუძნებელმა ცოტა ხნის წინ, ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონი ევრო გამოყო.


ბერნარ ეტინე ჟან ანრო 1949 წლის 5 მარტს საფრანგეთ-ბელგიის საზღვართან ახლოს, ქალაქ რუბესთან, პატარა ფრანგულ დასახლება კრუაში დაიბადა.