მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუკა პოლარე“ ფართოვდება - კომპანია რუსთავში ფილიალს ხსნის

609d3e4c83e46
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.21 09:00
2427
ჯელატოს ნაყინის ქართული მწარმოებელი კომპანია „ლუკა პოლარე“ რუსთავში პირველ კაფე-სანაყინეს ხსნის.

როგორც BM.GE-ის კომპანიიდან აცნობეს, რუსთავში, კოსტავას #22-ში განთავსებული ფილიალი საზეიმოდ დღეს, 13:00 საათზე გაიხსნება.

„ლუკა პოლარეს“ რუსთავის ფილიალის გახსნისთვის კომპანიამ 400 000 ლარამდე ინვესტიცია ჩადო და ამით საწყის ეტაპზე 10 ადგილობრივ ახალგაზრდას დაასაქმებს, რომლებმაც გადამზადების კურსები თბილისის ფილიალებში უკვე გაიარეს.

„რუსთავი საქარათველოს რიგით მეოთხე ქალაქია, სადაც „ლუკა პოლარე“ იქნება წარმოდგენილი. იქ „ლუკა პოლარეს“ დიდი ფორმატის კაფე-სანაყინე გაიხსნება, რომელიც სტუმრებს სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს. ფილიალი ყოველდღიურად ახალი პროდუქციით "ლუკა პოლარეს" წარმოებიდან მომარაგდება.

რუსთავი ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, რომელიც ყველაზე აქტიურად გულშემატკივრობს "ლუკა პოლარეს" გახსნას. ფილიალს საზეიმოდ მოწვეულ სტუმრებთან ერთად გავხსნით, სტუმრების განწყობაზე კი მოძრაობის თეატრი და ჩვენი ლუკა-დათვი იზრუნებენ”, - აღნიშნა პიარისა და მარკეტიგის ხელმძღვანელმა ანი ციცქიშვილმა.



„ლუკა პოლარეს“ დირექტორი კი აღნიშნავს, რომ კომპანია გასული რთული წლისა და პანდემიის მიუხედავად რეგიონალური გაფართოების გეგმას მიჰყვება.

„ძალიან რთული წლის შემდეგ, ძალიან გვეამაყება ასეთი სიახლის დაანონსება. კომპანიის მიმდინარე წლის სტრატეგიული გეგმა რეგიონალურ გაფართოებას დაეთმობა და გეგმის განხორციელება რუსთავით დავიწყეთ. რუსთავში შემოსვლა წლების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა და დარწმუნებული ვართ, ერთ-ერთი წარმატებული ფილიალი შეემატება ჩვენს ქსელს”, - აცხადებს თეა თაბაგარი, კომპანიის დირექტორი.

დღეისთვის „ლუკა პოლარეს“ საქართველოს ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქობულეთსა და ახლა უკვე რუსთავშიც 19 ფილიაილით იქნება წარმოდგენილი. სულ მალე კი კომპანია ახალი ფილიალის გახსნას ახალქალაქშიც აანონსებს.

ცნობისთვის: ლუკა პოლარე კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 70-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 13 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქში - თბილისში 12 ფილიალით, ბათუმში - 4 , ქობულეთსა და რუსთავში კი 1-1 ფილიალითაა წარმოდგენილი.