მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლურჯი მოცვის ახალი ინვესტორის გეგმები - რატომ შედის გაკოტრებულ ბიზნესში "ეფკო"

5e04d94a301a0
დავით ჯალაღონია
26.12.19 20:15
7318
ლურჯი მოცვის პლანტაციების აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები შპს „ეფკომ“ გადაიბარა. ამ მიზნით დღეს საპარტნიორო ფონდმა აუქციონი გამართა.

საქმე იმაშია, რომ საპარტნიორო ფონდის მიმართ პლანტაციის აქტივების მმართველ „ვანრიკ აგროს“ ვალდებულებები დაუგროვდა, რაც ვერ დაფარა. „ვანრიკ აგრო“ გაკოტრების რეჟიმში გადავიდა, საბოლოოდ კი, საპარტნიორო ფონდმა ამ ვალდებულებების გასხვისება საჯარო აუქციონის გზით გადაწყვიტა, რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია - „ეფკო“ მონაწილეობდა.

„ეფკომ“ 12 მლნ 10 ათას ლარად გადაიბარა წინამორბედის ვალდებულებები, თუმცა გადაბარების პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს. დაახლოებით, ორ თვეში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაკოტრების აუქციონი ჩატარდება, სადაც „ეფკოს“ გარდა, სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. იმ შემთხვევაში, თუ გაკოტრების აუქციონშიც „ეფკო“ გაიმარჯვებს, 12 მლნ 10 ათასიდან 3 მლნ ლარს თავდაპირველ ეტაპზე დაფარავს, დანარჩენ თანხას კი - მომდევნო შვილი წლის განმავლობაში.

„აუქციონში სამწუხაროდ, მხოლოდ ერთმა პირმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის წარმატებულად ჩატარდა, რადგან დაფიქსირდა საბოლოო ფასი - 12 მილიონ 10 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ფასი მოიცავს როგორც „საპარტნიორო ფონდის“ მოთხოვნის ღირებულებას, ისე იმ მომსახურების ხარჯებს, რომელიც დაკავშირებულია ფონდის მიერ გაკოტრების საქმის წარმოებისას გამოსაცხადებელ აუქციონში მონაწილეობასთან“, - განმარტა ჟურნალისტებთან საუბრისას „საპარტნიორო ფონდის“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ჯორბენაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ეფკოს“ ლურჯი მოცვის პლანტაციები, უკვე 8 თვეა, იჯარით აქვს აღებული. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი იოანე მორჩილაძე განმარტავს, მათ ამ ხნის განმავლობაში ზედმიწევნით შეისწავლეს, ლურჯი მოცვის პლანტაციების მართვის პროცესში არსებული გამოწვევები და პოტენციალი.

„კითხვაზე, რატომ გადავწყვიტეთ მოთხოვნის აუქციონში მონაწილეობა, პასუხი არის ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ძალიან ხელსაყრელი გადახდის მექანიზმი, მოხდება იმ თანხის გადანაწილება შვიდ წელზე, რაც ჩვენი კომპანიისა და საინვესტიციო სტრატეგიისთვის უფრო მისაღები იყო, ვიდრე თანხის ერთბაშად გადახდა.

გეგმა გვაქვს, რომ არსებულ გაშენებულ ფართობებს მაქსიმალურად მივხედოთ, რეაბილიტაცია გავუკეთოთ და მაქსიმალურ მსხმოიარობამდე მივიყვანოთ. ასევე, რამდენიმე წლის განმავლობაში ავითვისოთ დარჩენილი 200-250 ჰექტარი. ეს შეიძლება იყოს ისევ ლურჯი მოცვი ან სხვა კულტურები, რაც დღეს მსოფლიოში მოთხოვნადია. ეს ჯერ წინასწარ არ ვიცით.

ამ პროექტის სული მასშტაბის მისაღწევად ჩაიდება, დაახლოებით, 5-დან 10 მილიონამდე. ჩვენი სამიზნე ბაზრები ძირითადად არის გალფის ქვეყნები, ასევე ევროკავშირი. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ მარკეტინგულად, რომ პოპულარიზება გავუწიოთ ძირითადად ევროპაში. ახლა ვართ Global gap-ის სერტიფიკატის აღების პროცესში, რომელიც საჭიროა ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად“, - განმარტა იოანე მორჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ სს „ვანრიკ აგრო“ 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიის მფლობელობაშია ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში 326 ჰა-ი მიწის ნაკვეთი, ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციით და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით. “ვანრიკ აგროში” საპარტნიორო ფონდის წილი 42%-ია, ფონდისთვის დასაბრუნებელი თანხა კი, 4 მლნ დოლარამდეა.