10.სექტემბერი .2020 10:15

ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა - Green Solutions-ის 2.7 მლნ-იანი ინვესტიცია ლაგოდეხში

views 430
უკან

კომპანია Green Solutions-ი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის და ასევე, სამაცივრე მეურნეობის პროექტს განახორციელებს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა რომან ჩხენკელმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანია პროექტს სატესტო რეჟიმში განახორციელებს და წარმატების შემთხვევაში სხვა კულტურებზეც გააფართოებს.

"წელს ორ დიდ პროექტს ვამუშავებთ, ეს არის ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის მოწყობა და სამაცივრე მეურნეობის შექმნა. ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2.7 მლნ ლარია. სანერგე მოეწყობა, დაახლოებით, 0.5 ჰა-ზე სათბურებში, რათა იდეალური პირობები შევუქმნათ და 0.5 ჰა-ზე იქნება სამაცივრე მეურნეობა, რომლის პროექტი საზღვარგარეთ მოლდოვაში გავაკეთებინეთ, რადგან საქართველოში ვერ ვიტყვით, რომ სამაცივრე მეურნეობების საუკეთესო პრაქტიკა არსებობს.

სანერგე მეურნეობის მხრივ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამით ვისარგებლოთ. იმ შემთხვევაში თუ პროექტი წარმატებული იქნება და თუ მაღალხარისხობრივი ნერგების წარმოებას შევძლებთ, ალბათ სანერგე პროექტს გავაფართოვებთ ვაზსა და ხეხილზე, იმიტომ რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ხეხილის ჯიშები გაგვაჩნია“, - განმარტა რომან ჩხენკელმა. 

მისივე ინფორმაციით, სანერგე-სამაცივრე პროექტში მუდმივად 10-15 ადამიანი დასაქმდება, ხოლო სეზონზე მათი რიცხვი 30-მდე გაიზრდება.

„Green Solutions”-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მომხმარებლისთვის ხარისხიანი ნერგების შეთავაზება მხოლოდ ფულად ინვესტიციებს არ უკავშირდება, შესაბამისად, რადგან კომპანია ხარისხზეა ორიენტირებული, აღნიშნული სანერგე მეურნეობა სატესტო რეჟიმში გაეშვება.

„იმისთვის რომ ხარისხიანი ნერგი მიიღო და გააკეთო სწორება ევროპულ ხარისხზე, ამას მხოლოდ ფულადი ინვესტიცია არ სჭირდება - ამას სჭირდება დრო, გამოცდილება და ცოდნა. ერთჯერადად ეს არ კეთდება, ამიტომ შევდივართ ამ ბიზნესში ცოტა ფაქიზად, რომ ჩვენ არ დავემსგავსოთ ადგილობრივ, უხარისხო ნერგების წარმოებას. ჩვენი კომპანია ასოცირდება ხარისხთან და თუ ამას წარმატებით განვახორციელებთ, გვაქვს კონცეფცია რომ ეს მიმართულება განვავითაროთ“, - აღნიშნა რომან ჩხენკელმა.