მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი: 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა 5%-ზე მეტი იქნება, 2021 წლის ზრდის გეგმა გადასახედია

5fbf975619be9
ინგა მურუსიძე
26.11.20 17:04
827
BMG-ის კითხვაზე როგორ შეცვლის დღეს დაწესებული შეზღუდვები 2020 და 2021 წლების ეკონომიკური ზრდების მაჩვენებლებს, ივანე მაჭავარიანი პასუხობს, რომ მაღალი ალბათობით წელს ვარდნა 5%-ზე მეტი იქნება. ამასთანავე, მაჭავარიანი ამბობს, რომ მიღებული შეზღუდვები 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას კიდევ უფრო მეტად ამცირებს. თუმცა, მომდევნო წლისთვის დადებითი ფაქტორი, რამაც ეკონომიკის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი არის COVID-19-ის ვაქცინა, რის პოზიტიურ ეფექტსაც მინისტრი 2021 წლის მეორე ნახევრიდან პროგნოზირებს. 

ახალი შეზღუდვების გავლენა 2020 წლის ეკონომიკურ ზრდაზე:

„დიდი ალბათობით დაწესებული შეზღუდვების გავლენა ეკონომიკაზე მინუს 5 პროცენტზე მეტი იქნება, რადგან თქვენ იცით, რომ აგვისტო-სექტემბრის მონაცემები ეკონომიკური ზრდის იყო საკმაოდ დამაიმედებელი, ფისკალური მონაცემებიც დამაიმედებელი იყო. ოქტომბერში წინა წელთან შედარებით 1,7%-ით მეტი გვქონდა შემოსავალი ფისკალური კუთხით. გეგმას ჩამოვრჩებოდით, მაგრამ ეს იყო სერიოზული აღდგენითი პროცესის მაჩვენებლი.

ნოემბერში ძალიან შემცირებული გვაქვს საბიუჯეტო შემოსავლები. ვხედავთ, რომ ეკონომიკური აქტივობაც საკმაოდ შემცირებული იქნება, როცა ვამბობდით მინუს 5%-მდე კლებას, ეს უფრო ოპტიმისტური პერიოდიდან იყო დათვლილი შეუძლებელია, რომ ნოემბერმა და შეზღუდვებით დახუნძლულმა დეკემბერმა გავლენა არ მოახდინოს, სავარაუდოდ იმ მიდამოში, რაზეც პრემიერმა ისაუბრა. აქ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტორი უკვე 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვის შესაძლებლობას იძლევა - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეზღუდვების გავლენა 2021 წლის ეკონომიკურ ზრდაზე:

„დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო ამძიმებს ზრდის 4,3%-იან პროგნოზს. თუმცა არის მეორე ფაქტორი, რომელიც ამ პროგნოზს აუმჯობესებს და ეს არის ვაქცინა, რომლის დროული მიღების შემთხვევაში წლის მეორე ნახევარი გაცილებით სწრაფად აღდგება, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზი იყო - 4,3%“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

მინისტრის თქმით, გათვლები გასაკეთებელია, თუმცა 4%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შენარჩუნება შესაძლებელია.