მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი ჯანდაცვის რეფორმაზე: თუ რაღაცეები დასახვეწია, გზაში დაიხვეწება

5ddf880664789
დავით ჯალაღონია
28.11.19 12:39
1759
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში დარგის ყველა წარმომადგენლის მოსაზრებების გათვალისწინება ვერ მოხდება. ამის შესახებ მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი წარმომადგენლები მონაწილეობენ ამ პროცესში. მთავარი მიზანია, საყოველთაო სისტემის მდგრადობა, რომელმაც უნდა გაუძლოს მრავალ წელს ისე, რომ არ მოხდეს ხარისხის ვარდნა და შეფერხებები გადახდებთან დაკავშირებით. იცით, რომ ზოგჯერ კლინიკების მიმართ ანაზღაურების ნაწილში ზოგჯერ ჩამორჩენაა.

უნდა შემოვიტანოთ ისეთი კომპონენტები, რომ ერთის მხრივ მოვიცვათ დაფარვა, ვისაც ეხება ეს სერვისი, მაგრამ ამავე დროს იყოს ფისკალურად მდგრადი. ამას ემსახურება ეს რეფორმა“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ვანო მაჭავარიანი არ დაეთანხმა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიმდინარე რეფორმის შესახებ დარგის წარმომადგენლებთან არ საუბრობს.

"მე ვერ დაგეთანხმებით, რომ მინისტრი დარგთან არ საუბრობს. მას ჰქონდა კონსულტაციები და ექნება კიდეც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარგში თითოეული წარმომადგენლის სრული გათვალისწინება მოხდება. დარგს, მოთამაშე სუბიექტებს ყოველთვის მეტი უნდა. ეს უნდა იყოს ეკონომიკურად გამართული მოდელი. თუ რაღაცეები დასახვეწია, თანდათან, გზაში დაიხვეწება", – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. კლინიკების პროტესტის მიუხედავად, მთავრობამ არ გადახედა 5 ნოემბრის #520 დადგენილებას, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები თანაბარი ხდება.

ცვლილების მიღებას კერძო კლინიკები ეწინააღმდეგებოდნენ. 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს.

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია.