მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი: პანდემიის გავლენამ, ჩვენს ფისკალურ მაჩვენებლებზე 7 მლრდ 100 მლნ ლარს გადააჭარბა

5feaed20283e6
ინგა მურუსიძე
29.12.20 23:00
776
საქართველოს პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეტალურად ისაუბრა იმ ნეგატიურ გავლენაზე, რაც პანდემიამ ქვეყნის ფისკალურ მაჩვენებლებზე მოახდინა.

მისი თქმით, 2020-2021 წლებში, ეკონომიკური შემცირების ხარჯზე, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დანაკარგი შეადგენს 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს, ბიზნესის მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებული საგადასახადო შეღავათები - 600,0 მილიონ ლარზე მეტია, ჯანდაცვისა და ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსება შეადგენს 4 მილიარდ 300 მილიონ ლარს.

„ამ ყველაფერმა, ჯამურად, 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ჩვენს ფისკალურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იყო. შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაგვეზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 9,1 პროცენტამდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე. დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელიც 2021 წელს სცდება 60-პროცენტიან ზღვარს. ახლა, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რა პირობებში გვიწევდა 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.