მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი წყალტუბოს პროექტზე: ეს საკმაოდ რისკიანი წამოწყებაა ბიზნესისთვის

5dc1d5f7ac57b
BM.GE
06.11.19 00:19
984
არ არის აუცილებელი ადამიანი იყოს ეკონომისტი ან ბიზნესმენი რომ მიხვდეს, რამდენად მასშტაბურ და მნიშვნელოვან ინიციატივასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გადაცემა „არენაში" წყალტუბოს აღორძინების პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა .

მისი თქმით, ათასწლეულების განმავლობაში, კურორტს მოპოვებული ჰქონდა საკმაოდ სერიოზული ნიშა არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ გამაჯანსაღებელი კუთხით.

„თუ შევხედავთ დღეს ტურიზმის სექტორში არსებულ მსოფლიო ტენდენციებს, დავინახავთ, რომ ის ძირითადად, უკავშირდება ეკოტურიზმს, გამაჯანსაღებელ ტურიზმს, ასევე, ახალი ტრენდია გასტრონომიული ტურიზმი. წყალტუბოს კი აქვს უნიკალური შესაძლებლობები და პოტენციალი, ორივე ეს მიმართულება ხარისხობრივად სხვა დონეზე ავიდეს. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს კურორტის 100-წლიანი ისტორია. თუ არ ვცდები, ეს ტურისტული ადგილი თავის პიკში მასპინძლობდა 600 ათასზე მეტ დამსვენებელს. ეს ძალიან დიდი რიცხვია. ამ რიცხვზე გასვლა პირველივე წლებში არ იქნება იოლი, თუმცა, ეს ნიშა არსებობს და თუკი ადრე ეს ნიშა ივსებოდა რუსეთიდან ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, დღეს გამოკვეთილად ვხედავთ, რომ დიდია დაინტერესება ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ არის იაფი, ახლო და საკმაოდ კარგი ხარისხის. შესაბამისად, წყალტუბოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზეც, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მნიშვნელოვანი თანხების ინვესტირება კურორტის განვითარებისთვის.

„ალბათ იმიტომ, რომ ეს საკმაოდ რისკიანი წამოწყებაა ბიზნესისთვის, რომელიც საკმაოდ ფრთხილია. პირველი რისკის აღება ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ასეთი ტიპის გარღვევა, როგორც წესი, იოლი გასაკეთებელი არ არის. სწორედ ამიტომაა დასაფასებელი ეს ინიციატივა, რომელსაც ყინულმჭრელის ეფექტი აქვს და დარწმუნებული ვარ, პროექტი სხვა ბიზნესის წარმომადგენლებსაც დააინტერესებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოში 22 სანატორიუმს და 9 აბანოს ღია, კონკურენტულ აუქციონზე შეიძენს. მისივე თქმით, პროექტს სამი წლის განმავლობაში დაასრულებს. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ, თუ როდის გაიმართება აუქციონი და რა საინვესტიციო ვალდებულებით გაყიდიან 15 სანატორიუმს, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა. ამ დრომდე უცნობია, რას ფიქრობენ ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე კერძო სანატორიუმების და აბანოების მფლობელები.