მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Madamwine-ის დამფუძნებელი: "მაქსიმალურად გადავერთეთ ექსპორტზე"

5e9c3b2848256
ნუცი ბაზლიძე
19.04.20 16:40
1095
ღვინის ბრენდი Madamwine, რომელიც ევროპული წესით დამზადებულ, სპეციალურად ქალებისთვის შექმნილ ღვინოს ამზადებს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმოებასა და პროდუქციის ექსპორტზე გატანას აგრძელებს. როგორც მისი დამფუძნებელი მანანა ახვლედიანი BM.GE-სთან აღნიშნავს, Madamwine აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში პროდუქციის პოლონეთში გაგზავნას გეგმავს.

„მაქსიმალურად გადავერთე ექსპორტზე, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე აღარ გამოვიტანე“, - აღნიშნავს მანანა ახვლედიანი.

მისივე თქმით, კორონავირუსის ფონმა მის საქმიანობაზე გავლენა მაინც მოახდინა. გარდა იმისა, რომ პროდუქცია აღარ ხვდება ადგილობრივ ბაზარზე, მიმდინარე მოვლენებმა, კომპანიის სამომავლო გეგმებიც შეაფერხა.

„ორ ქვეყანასთან ვაწარმოებდი ექსპორტისთვის მოლაპარაკებებს, თითქმის კონტრაქტამდე ვიყავით მისულები, მაგრამ, ჯერჯერობით, გავჩერდით. უნდა ჩამოსულიყვნენ, ენახათ, ხარისხი შეემოწმებინათ. ეს ყველაფერი, მიმდინარე მოვლენების გამო, ვეღარ შეძლეს, თუმცა ვინარჩუნებთ მიმოწერას და იმედია, რომ სამომავლოდ, თანამშრომლობა მაინც შედგება“, - დასძენს მანანა ახვლედიანი.