01.ოქტომბერი .2022 01:00

“მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს” - პრემიერი “ოცნების” 10 წელს აფასებს

“მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს” - პრემიერი “ოცნების” 10 წელს აფასებს
views 468
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" 10 წელს აფასებს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის პროცესში გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი იყო.

პრემიერის მოსაზრებით, სრული უიმედობის, ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების პირობებში, ივანიშვილმა სახალხო ენერგიის მობილიზება და სწორი მიმართულების მიცემა შეძლო.

"2012 წლის პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია - „ქართულმა ოცნებამ,“ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად პირველად შეცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით.

ამ პროცესში გადამწყვეტი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი. სრული უიმედობის, ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების პირობებში, მან შეძლო სახალხო ენერგიის მობილიზება და სწორი მიმართულების მიცემა. შედეგად, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა, - მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს წარმატებულ განვითარებას.

ამის შემდეგ, ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, არამედ განვახორციელეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, გავაღრმავეთ დემოკრატიული პროცესები, გავაძლიერეთ უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის - ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოების უდიდესი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე. დღეს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას. მჯერა, რომ საქართველოს შემდგომი წინსვლა კვლავაც ხელისუფლებისა და ხალხის იმ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს, რომელსაც ზუსტად ათი წლის წინ ჩავუყარეთ საფუძველი", - წერს ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა