მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი საუკეთესოდ დასახელდა

60a7cbd56b89c
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.21 19:19
1081
ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა„FITUR“-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საპრეზენტაციო სტენდი საუკეთესო სტენდად დასახელდა.

ადმინისტრაციის ცნობით, სპეციალური სიგელი მადრიდის გამოფენის დირექტორმა მარია ვალკარსემ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადასცა.



„FITUR-2021“ - ზე საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტუროპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

პანდემიისა და ინდუსტრიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ  FITUR-ის ფარგლებში მარკეტინგული კამპანიის განხორციელების უნიკალური შესაძლებლობა მიიღო, რაც გულისხმობს გამოფენის პლატფორმის საშუალებით როგორც ონლაინ, ასევე საგამოფენო სივრცის ბრენდირებას. ყველა კომუნიკაციაში საქართველოს ტურისტული შესაძლელობები წარმოდგენილია ბანერების, ვიდეოების, სხვადასხვა ღონისძიების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო არხების საშუალებით“, - აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ, საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები იხილონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით ბრენდირებულია მადრიდის საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და მოსასვენებელი ადგილები.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის 5-დღიანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად გახსნა.

გამოფენას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკანიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდნენ.
(NS)