09.მარტი .2020 20:40

Maersk-ის წარმომადგენელი კავკასიაში: პოზიტიური ძვრები გადაზიდვების ბაზარზე არსებობს

views 643
უკან

Maersk-ის კუთვნილი 50 გემი მოიხსნა აღმოსავლეთ ბაზრიდან იანვრის შემდეგ. ამის შესახებ Maersk-ის კომერციულმა წარმომადგენელმა კავკასიაში, ირაკლი დანელიამ „საქმიან დილაში“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე აისახება, თუმცა, ბოლო 2 კვირაა ჩინეთში საწარმოების დიდი ნაწილი მუშაობას ანახლებს და შესაბამისად პოზიტიური ძვრები გადაზიდვების ბაზარზე ნამდვილად არსებობს.

„Maersk საკუთარი ბიზნესის ძირითად ნაწილს ჩინეთზე დაყრდნობით ქმნის. იანვრის შემდეგ, 50 ე.წ Call (ანუ პორტში მისვლა) მოიხსნა აღმოსავლეთის ბაზრიდან. ფორს-მაჟორული სიტუაციები როგორც ოპერაციული, ისე მომსახურების მიმართულებით არ იძლეოდა საშუალებას, რომ რისკის ჰეჯირება მომხდარიყო. ეს ცხადია ფინანსურ მაჩვენებლებზე აისახება კომპანიისთვის, თუმცა ბოლო ორი კვირაა ჩინეთში მწარმოებლური ტიპის კომპანიები ანახლებენ მუშაობას, პოზიტიური ძვრები ნამდვილად არსებობს. ბაზარზე საერთაშორისო ვაჭრობის 92% საზღვაო გადაზიდვებზე, აქედან 83-85% კი შორეულ აღმოსავლეთსა და ევროპაზე მოდის. ამ კუთხით საკონტეინერო მოცულობის შემცირება და ფასების კორექტირება შეინიშნება.” - განაცხადა მან.

დანელიამ საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციის გავლენა გადაზიდვებზე, აპრილის ბოლოს გახდება დათვლადი. Maersk-ის კომერციული წარმომადგენელი იანვარში ტვირთბრუნვის ზრდაზეც მიუთითებს, თუმცა, ამას სტატისტიკის მეთოდოლოგიით ხსნის, რადგან იანვარში ჩამოსული ტვირთები სხვადასხვა ქვეყნიდან ნოემბერშია წამოსული.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენზე ამ ყველაფერს გავლენა ცხადია ექნება და ეფექტის დათვლა აპრილის ბოლოს იქნება შესაძლებელი. მხოლოდ იანვრის მონაცემებით, საკონტეინერო გადაზიდვები 30 000 TEU-ს შეადგენს, რაც შარშანდელთან შედარებით 5 000-ით გაზრდილია. თუმცა, აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ იანვარში შემოსული ტვირთები დაახლოებით ნოემბრიდანაა წამოსული.“ - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა