მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა - მიზეზი რუსეთის გადაწყვეტილებაა

636252525f6d5
გიორგი თოლორდავა
02.11.22 15:21
915
საერთაშორისო სასურსათო ბირჟაზე ხორბლის ფასი რამდენიმე საათში მკვეთრად, თითქმის 6%-ით დაეცა და ამჟამად ბუშელი მარცვლეულის ღირებულება 8.5 დოლარს შეადგენს.

ფასის შემცირება პირდაპირ კავშირშია რუსეთის "მარცვლეულის დერეფნის" შეთანხმებაში დაბრუნებასთან. საქმე ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინისგან წერილობითი გარანტიების მიღების შემდეგ მიიღო, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უკრაინამ „მარცვლეულის დერეფანი“ მოსკოვის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წარმოებისთვის არ უნდა გამოიყენოს. ინფორმაციას Tass-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიიღეს.

“შევძელით უკრაინისგან მიგვეღო საჭირო წერილობითი გარანტიები სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის განსაზღვრული ჰუმანიტარული დერეფნისა და უკრაინის პორტების რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებისთვის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს 2022 წლის 1 ნოემბერს გადაეგზავნა.

რუსეთის ფედერაციაში მიღებულ გარანტიებს არსებული დროისთვის საკმარისად მიიჩნევენ და შეთანხმებას აახლებენ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებები 29 ოქტომბერს გაკეთდა. მიზეზად კი უკრაინის მიერ სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმა დასახელდა. პირველ ნოემბერს ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას სევასტოპოლის ფლოტზე უკრაინული დრონების თავდასხმის გამოძიების შემთხვევაში დაუბრუნდებოდა.