მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაერსკის" წარმომადგენელი ევრაზიული კავშირიდან რიგი პროდუქტების იმპორტის აკრძალვას აფასებს

5e945d4984fd6
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.20 09:00
1991
კომპანია „მაერსკის“ წარმომადგენელი საქართველოში ირაკლი დანელია BMG-ის გადაცემა საქმის კურსში“ ევრაზიული კავშირის ქვეყნების მხრიდან გარკვეულ პროდუქტზე შეზღუდვების დაწესებას აფასებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამან მცირე პერიოდში გარკვეული გავლენა იქონიოს საქართველოზე, იმპორტიორი კომპანიები უმოკლეს პერიოდში მოძებნიან ალტერნატიულ ბაზრებს.

„სავაჭრო ურთიერთობები ქვეყნებს შორის გარკვეულ დეგრადაციას განიცდის და ეს მოსალოდნელიც იყო, უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საუბარი გვქონდეს ტემპზე, რამდენად სწრაფად მიდის ან რამდენად - მდორედ.
ამ შემთხვევაში, ცხადია, განზოგადებულად ყველა ქვეყნის საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციულ ნაწილზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ავიღებთ გლობალურად საშუალო ვაჭრობის ტრენდს, ის მიიწევს დაბლა, მაგრამ არც თუ ისე სწრაფად, როგორი მოლოდინიც შეიძლება ყოფილიყო.

ევრაზიული კავშირის გარკვეული აკრძალვები კონკრეტულ სასაქონლო ნომენკლატურაზე პირდაპირ გავლენას იქონიებს როგორც - ჩვენზე, ასევე რეგიონის სხვა წევრ სახელმწიფოებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ეკონომიკურ ბლოკზე, რომლის წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, დაახლოებით, მთლიანი წარმოების 5.5%-ს აღემატება; აქედან გამომდინარე, მისი ეფექტი დადებითიც და უარყოფითიც, ცხადია, საქართველოზე იქნება; როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს გავლენებზე, გავლენა შესაძლოა იყოს უარყოფითი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ალტერნატიული გზები არ არსებობს.

მოვიშველიებ გაეროს FAO-ს მიერ გაკეთებულ სტატისტიკას იგივე იმ სასაქონლო ნომენკლატურებზე, ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ფორსმაჟრულ სიტუაციაში მეტად აქტუალური ხდება; რუსეთი, ცხადია, მსხვილ იმპორტიორს წარმოადგენს წიწიბურის გლობალურ ბაზარზე, მაგრამ როდესაც ალტერნატივაზე გვაქვს საუბარი, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, ჩინეთი, ჩვენი მეზობელი უკრაინა და ასევე პოლონეთი ანუ არის იმის საშუალება, რომ გარკვეული დივერსიფიკაცია მოხდეს.

ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს კომპანიების სწრაფ ადაპტირებაზე ახალი ბაზრების მიმართულებით. არსებობენ კომპანიები, რომელთაც აქვთ გარკვეული დივერსიფიკაცია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა წონადი, ამ შემთხვევაში მაგალითად 50% ევრაზიულ კავშირზე მოდიოდეს და დანარჩენი - სხვა ქვეყნებზე“, - განაცხადა ირაკლი დანელიამ.

კომპანია „მაერსკის“ წარმომადგენელმა საქართველოში, ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კომპანიების ადაპტირების შესაძლებლობაც სატრანსპორტო გზების მიმართულებითაც.

„არის კომპანიები, რომელთაც დივერსიფიკაცია უკვე დაწყებული აქვთ და მათი გადასვლა სხვადასხვა ბაზრებზე იქნება შედარებით მარტივი და არსებობს საშუალო და მცირე ზობის იმპორტიორი კომპანიები, რომლებსაც ეს პროცესი უნდა გაურთულდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების კუთხით არანაირი შეფერხება არ არსებობს. საუბარი მაქვს იმაზე, რომ თუკი ევრაზიული ქვეყნებიდან პროდუქციის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში ძირითადად სამანქანო გზით ხდებოდა, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ან საზღვაო-საკონტეინერო გადაზიდვა, რომელიც უფრო მაღალი ხარისხის საიმედოობით ხასიათდება.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის პროდუქტების 2-თვიანი მარაგი არსებობს ქვეყანაში, ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კომპანიებმა შეძლონ ამ ტვირთის გადამისამართება საზღვაო ხაზებზე, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არ გამოუყენებიათ საზღვაო მეთოდი; აქედან გამომდინარე დრო და ალტერნატიული ბაზრების არსებობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მშვიდად შევხვდეთ ამ აკრძალვას“, - განმარტავს ირაკლი დანელია.