მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი დოლარიზაცია საქართველოს საბანკო სექტორისთვის სტრუქტურულ სისუსტეს წარმოადგენს - Fitch

63d78a459a2f4
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.23 13:13
498
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს საბანკო სექტორისთვის სტრუქტურული სისუსტის წამყვანი მიზეზი მაღალი დოლარიზაციაა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მართალია დოლარიზაციის დონე უკანასკნელ წლებში მცირდება და ის სადეპოზიტო პორტფელის 57%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნების ბანკებში არსებული დეპოზიტების საშუალო დოლარიზაცია, რაც პორტფელის 19%-ია.

“საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია და მას საკრედიტო პორტფელის საკმაოდ მყარი მაჩვენებლები აქვს. სექტორის კაპიტალის ფარდობა (Tier 1) 1.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 17.1%-ს მიაღწია. უმოქმედო სესხების წილი 4%-მდე შემცირდა, ხოლო ლიკვიდური აქტივების წილი 23%-მდე გაიზარდა, რაც მათ შორის არარეზიდენტთა დეპოზიტების მატებით იყო განპირობებული. რეალური საკრედიტო ზრდა კი შედარებით შემცირდა და 9 თვეში 5% შეადგინა. დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 57.1%-მდე შემცირდა, რასაც ხელი მაკრო-პრუდენტულმა ზომებმაც შეუწყო. ამის მიუხედავად, დოლარიზაცია BB რეიტინგის მქონე ქვეყნების საშუალოს, 19.1%-ს აღემატება და ის კვლავ საქართველოს საბანკო სექტორის სტრუქტურული სისუსტის წამყვანი ფაქტორია,” - ნათქვამია Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სისტემაში 44.3 მილიარდი ლარის დეპოზიტები არის შენახული. აქედან 19.44 მილიარდი ლარი ეროვნულ ვალუტაში არის შენახული, ხოლო 24.8 მილიარდი ლარი უცხოურ ვალუტაში.

უშუალოდ ფიზიკური პირების დეპოზიტებს შორის (23.9 მლრდ ლარი) თანხის 71% უცხოურ ვალუტაში, 28% კი ლარში არის განთავსებული.

დეპოზიტების დოლარიზაციასთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპით შემცირდა კრედიტების დოლარიზაცია. 2021 წლის დეკემბერში უცხოურ ვალუტაზე სესხების პორტფელის 51% მოდიოდა, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 45%-ია. სესხების დოლარიზაციის კლების ერთ-ერთ წამყვან ფაქტორს 200,000 ლარამდე სავალუტო კრედიტების აკრძალვა წარმოადგენს, რის გამოც მოქალაქეების და ბიზნესების მცირე ზომის სესხები სრულად ლარში გაიცემა.